„როიტერი“ - აშშ-მ უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაკეტები 12 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, თუმცა წყაროს მათი ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
როგორც სააგენტო იტყობინება, უკრაინამ რაკეტები ბრძოლის ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.
ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ თავდაპირველად „ატაკამსების“ გაგზავნის წინააღმდეგი იყო პენტაგონი, სადაც აცხადებდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას და უკრაინა რაკეტებს რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა.
„ჩვენ გავაფრთხილეთ რუსეთი ამ საკითხების შეასახებ“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ „როიტერთან“.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე ბაიდენი თავის უსაფრთხოების გუნდს ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში შეხვდა. გამართულ დისკუსიებში ჩართულები იყვნენ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ის საჰარეო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი.
გამოწვევა იმაში მდგომარეობდა, როგორ უნდა დაეფარათ ამ რაკეტის ხარჯები. გამოსავალი კი მარტში გამოჩნდა, როდესაც ბაიდენს ჰქონდა საშუალება, 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გაეგზავნა უკრაინისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გუნდს განუცხადა, რომ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ უნდა შეეტანათ დახმარების პაკეტში, რათა შეენარჩუნებინათ ოპერატიული უსაფრთხოება და ეს ყველაფერი მოულოდნელი ყოფილიყო უკრაინისთვის.