„როიტერი“ - აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კვირას უნგრეთში ჩავა, ვიზიტი ნატო-სა და უნგრეთის წინაშე არსებულ სტრატეგიულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული
აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კვირას უნგრეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით წერს, სენატორების ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ნატო-სა და უნგრეთის წინაშე არსებულ სტრატეგიულ საკითხებზე.
უნგრეთი ნატოს-წევრი ერთადერთი ქვეყანა დარჩა, რომელსაც რატიფიცირებული არ აქვს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი.
როგორც უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა განაცხადა, ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება არის საკითხი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ასევე, მთელი ალიანსის უსაფრთხოებაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ალიანსში წევრობას, თუმცა, ამის მიუხედავად, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა არ შემდგარა. როგორც მმართველი პარტიის, „ფიდესის“ საპარლამენტო ჯგუფში განაცხადეს, ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება, შესაძლოა, თებერვლის ბოლოს მოხდეს, როდესაც პარლამენტი ზამთრის შვებულების შემდეგ შეიკრიბება.