„როიტერი“ – აშშ-ის ანონიმური ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთიც და უკრაინაც დახურულ კარს მიღმა ტერიტორიული გაცვლის შესაძლო საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ მოქნილობას იჩენენ

00:49, 10.11.2026

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთიც და უკრაინაც დახურულ კარს მიღმა ტერიტორიული გაცვლის შესაძლო საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ მოქნილობას იჩენენ.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვგრძნობ, რომ რუსეთის მხარეს ომის დასრულების რეალური სურვილი აქვს“, – ​ამის შესახებ, „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა აბუ დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ორივე მხარე კერძო მოლაპარაკებებში კომპრომისისთვის გარკვეულ მზაობას ავლენს. მისი თქმით, ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმება, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების დასასრულს იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც მხარეები სხვა საკითხებზე, მათ შორის, ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმდებიან.

აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება. მათ შორის, განიხილება კიევისთვის ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი კოლექტიური თავდაცვის გარანტიის მინიჭების შესაძლებლობა.

აბუ დაბიში დაგეგმილ ორდღიან მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან შუამავლობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაუწევენ. ოფიციალური პირის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების შემდეგ ისინი რუსეთში გაემგზავრონ და ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებებს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ამერიკული მხარე ფრთხილი ოპტიმიზმით არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

ცნობისთვის, აბუ დაბიში უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი