სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ გმობს შვედეთში, მეჩეთის წინ ყურანის დაწვას, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ დემონსტრაციის ნებართვის გაცემა მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და არ წარმოადგენს ქმედების მოწონებას.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეტ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ დემონსტრაციამ შექმნა შიშის გარემო, რომელიც ზღუდავს მუსლიმთა უნარს, თავისუფლად გამოიყენონ თავიანთი რელიგია.
„ჩვენ ვგმობთ ამას და გვჯერა, რომ დემონსტრაციამ შექმნა შიშის გარემო, რომელიც გავლენას მოახდენს მუსლიმებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების ჯგუფების წევრთა უნარზე, თავისუფლად გამოიყენონ თავიანთი რელიგიის ან რწმენის თავისუფლების უფლება შვედეთში“, – დასძინა მან.
როგორც მედია წერს, მილერმა უარი თქვა, პასუხი გაეცა კითხვისთვის, მოახდენს თუ არა გავლენას დემონსტრაცია და მისი შედეგები თურქეთ-შვედეთის კავშირებზე და, შესაბამისად, შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე, მაგრამ გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ სკანდინავიური ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს ალიანსს.
„დროა, გადავიდეთ შვედეთის ნატო-ში სრულ გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა მილერმა.
შეგახსენებთ, 28 ივნისს კაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, ერაყელი ლტოლვილია, სტოკჰოლმის ცენტრალური მეჩეთის წინ ყურანი დახია და დაწვა, რამაც მუსლიმურ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გამოიწვია. გუშინ „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმის ცენტრში, მეჩეთის წინ ყურანის დაწვის აქციის გამართვა დაუშვა, რამაც, შესაძლოა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შანსებს საფრთხე შეუქმნას. ამასთან, დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო შვედეთი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თურქეთი არასოდეს მოიხრის ქედს პროვოკაციული ან მუქარის პოლიტიკის წინაშე.