„როიტერი“ - აშშ და ევროპის ქვეყნები, რუსეთის წინაღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავების პროცესს ასრულებენ, თუმცა „სვიფტის“ ფინანსური სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა არ იგეგმება
„როიტერი“ - აშშ და ევროპის ქვეყნები, რუსეთის წინაღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავების პროცესს ასრულებენ, თუმცა „სვიფტის“ ფინანსური სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა არ იგეგმება

სააგენტო „როიტერი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება.

სანქციების დაწესება რუსეთის მსხვილი ბანკების, მათ შორის „ვითიბისა“ და „სბერბანკის“ წინააღმდეგ იგეგმება, თუმცა რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“ არ იგეგმება.

როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსეთის „სვიფტიდან“ გამოთიშვა არ განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული მილიარდობით დოლარის სესხები არ დაიფარება.

ოფიციალური პირების თქმით, მსხვილი რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები „სვიფტიდან“რუსეთის გამოთიშვის გარეშეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის ფინანსურ სექტორზე და ეკონომიკაზე.

„მიზანი არის სანქციების შემუშავება, რომელიც ნამდვილად დააზარალებს რუსებს, თუმცა ამავდროულად გავლენას არ მოახდენს მათზე, ვინც მათ დააწესებს, რადგან სანქციები აშკარად ძლიერ დარტყმას მიაყენებს ევროპასაც“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სანქციები ასევე მოიცავს რუსეთში ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სექტორისთვის სხვადასხვა კომპონენტების ექსპორტის შეზღუდვებს, ასევე ზომებს, რომლებიც მიმართულია კონკრეტული რუსი ოლიგარქების მიმართ.