„როიტერი“ - არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას აშშ-თან ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება სურს
არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას აშშ-თან ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება სურს.
ამის შესახებ „როიტერს“ ჩრდილოეთკორეელმა ყოფილმა დიპლომატმა განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში გაიქცა.
რი ილ გიუს თქმით, ფხენიანის საგარეო პოლიტიკისთვის მომდევნო წლებში პრიორიტეტული იქნება რუსეთთან, აშშ-სა და იაპონიასთან ურთიერთობები.
ყოფილი მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, ფხენიანს, რუსეთთან კავშირების განმტკიცების პარალელურად, ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-თან ბირთვული შეიარაღების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება სურს.
მისივე თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩრდილოეთკორეელი დიპლომატების სტრატეგიის მიზანი იქნება ქვეყნის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, ჩრდილოეთ კორეა იყოს ამოღებული ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების ნუსხიდან და აშშ-ისგან ეკონომიკური დახმარების მიღება.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 2019 წელს ვიეტნამში გაიმართა, თუმცა მაშინ სანქციების საკითხზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.
როგორც „როიტერთან“ ინტერვიუში ყოფილი ჩრდილოკორეელი დიპლომატი ამბობს, ეს ჩავარდნა, ძირითადად, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელმაც მოლაპარაკებების წარმოება გამოუცდელ სამხედროებს დაავალა.
„ახლა მოლაპარაკებებს საგარეო უწყება წარუძღვება და ტრამპისთვის აღარ იქნება იოლი ჩრდილოეთ კორეის შეკავება რაიმეს დათმობის გარეშე“, – ამბობს რი ილ გიუ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გამყარებამ, შესაძლოა, ვაშინგტონს ფხენიანთან ბირთვული შეიარაღების შესახებ პოტენციური მოლაპარაკების დროს პრობლემები შეუქმნას.
„რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან უკანონო ტრანზაქციებით ხელები გაისვარა და, ამის დამსახურებით, ფხენიანი სანქციების მოხსნის საკითხზე აშშ-ზე აღარაა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონს მნიშვნელოვანი სავაჭრო ბერკეტი გამოეცალა ხელიდან“, – ამბობს ყოფილი ჩრდილოკორეელი დიპლომატი.