„როიტერი“ - 50-მდე მიგრანტმა ბელარუსის საზღვარი გაარღვია და პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა
პოლონეთში აცხადებენ, რომ 50-მდე მიგრანტი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პოლონეთის პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 50 მიგრანტისგან შემდგარმა ჯგუფმა ბელარუსის საზღვარი გაარღვია და პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა სოფელ სტარცინასთან. მიგრანტები პოლონეთის პოლიციამ დააკავა, რომელთაგან 22 ერაყის მოქალაქეა.
სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასულ დღეს ბელარუსიდან პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის 223 ფაქტი დაფიქსირდა.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ათასობით მიგრანტი ჩადის ბელარუსში ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის იმედით. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას არალეგალი მიგრანტების გამოყენების გზით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს და დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება. ბელარუსი ბრალდებებს უარყოფს.