როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე, კიდევ ოთხი ყოფილი სპეცრაზმელი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის და უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა მკვლელობასა და უკანონო დაკავებაში ბრალდებული ოთხი ყოფილი სპეცრაზმელის მიმართაც.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ სპეცრაზმელებს: მირზა კონცელიძეს, ომარ ჭაღალიძეს, დავით ზაქარაძესა და გიორგი არაბულს. გიორგი არაბული ძებნილია.
მანამდე სამმა ყოფილმა სპეცრაზმელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თავი წარდგენილ დანაშაულში დამნაშავედ არ ცნო.
სამი დღის წინ სამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსუბუქი სასჯელები განესაზღვრათ. ორმა სპეცრაზმელმა – თემურ მგელაძემ და ზვიად ნურიძემ აღიარეს მკვლელობა და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა საქმის ყოფილი გამომძიებლის, სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მგელაძეს – ერთი წლით, ნურიძეს – სამი წლით, ვარშანიძეს კი ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა.
შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. თეიმურაზ პატარიძის ყოფილ მოადგილეს, ალი ბალაძეს, რომელსაც ბრალი შავაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის და უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის ედებოდა, 12-წლიანი, ხოლო სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს მკვლელობისთვის და უკანონო დაკავებისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.