როინ მიგრიაული - პიროვნულად ნურავინ მიიღებთ, იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც ჩამოსარეცხი მართლაც აქვთ, იმიტომ, რომ უმწიკვლოდ ემსახურებოდნენ იმ ხელისუფლებას
პიროვნულად ნურავინ მიიღებთ, იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც ჩამოსარეცხი მართლაც აქვთ, იმიტომ, რომ უმწიკვლოდ ემსახურებოდნენ იმ ხელისუფლებას, ამაზე მეტყველებს შემცირებული გამამართლებელი განაჩენები, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, როინ მიგრიაულმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, გასაუბრებისას განაცხადა.
საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი გასაუბრების დროს დაინტერესდა, 2019 წლის 3 თებერვალს, ადვოკატთა ასოციაციის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტის შინაარსს კანდიდატი იზიარებდა თუ არა, რომელიც სასამართლო სისტემას და უზენაესი სასამართლოს ე.წ. ათკაციან სიას ეხებოდა.
მიგრიაულმა აღნიშნა, რომ მას რეზოლუციაზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ტექსტის ზოგად პათოსს იზიარებს იმ ნაწილში, რომ საბჭოში წევრები ადვოკატთა წრიდანაც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
„ამ რეზოლუციაში, ზოგადად, სასამართლოს პრობლემებზეა საუბარი. მოდით, თქვენი თავი გვერდზე გადაწიეთ და ვიფიქროთ – რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოსამართლე, რომელიც 2012 წლამდე იმ რეჟიმის პერიოდში დაკავებული იყო ცუდი საქმეებით და იღებდა უსამართლო გადაწყვეტილებებს, ახლა უკვე გასაგებია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დღესაც მოსამართლეა და შესაძლოა, დღეს უკვე ცდილობს, წარმოჩინდეს თავისი პიროვნული ღირსებით. ასევე, ეცადოს ჩამოირეცხოს ძველი წარსული და გახდეს პიროვნულად მდგრადი მოსამართლე, ამის შემდეგ კი იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა როინ მიგრიაულმა.
დიმიტრი გვრიტიშვილმა კანდიდატს შემხვედრი კითხვა დაუსვა.
„ბატონო როინ, რამე ჩამოსარეცხი გვაქვს?“ – მიმართა კითხვით გვრიტიშვილმა.
„არა, პიროვნულად ნურავინ მიიღებთ. იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც ჩამოსარეცხი მართლაც აქვთ, იმიტომ, რომ უმწიკვლოდ ემსახურებოდნენ იმ ხელისუფლებას. ამაზე მეტყველებს შემცირებული გამამართლებელი განაჩენები. ამ საზოგადოების წევრები ვართ და მოდით, სიმართლეს თვალებში შევხედოთ, რა ხდებოდა მაშინ და დღეს რა ხდება. როდესაც მე ვადარებ დღევანდელ და წინა სასამართლო სისტემას ერთმანეთს, თუნდაც იმ ადმინისტრაციული საქმეების განხილვის დინამიკას, რაც მაშინ ხდებოდა, სახელმწიფოს მიმართ რომ გადაწყვეტილებები არ გამოდიოდა და საგადასახადო დავები ყოველთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა, დღეს ეს დინამიკა შეიცვალა. ეს არ არის მოსამართლის თვითრეაბილიტაცია? იმ რაღაც ცუდის ჩამორეცხვის შესაძლებლობა ხომ მიეცა მოსამართლეს?! ვიმეორებ, პიროვნულად არავინ მიიღოს თავის თავზე. მე არავის საქმეს არ ვიცნობ. შესაძლოა, ვილაპარაკო ჩემი საქმეების გადმოსახედიდან იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ახლა უკვე სწორ გადაწყვეტილებას იღებენ“, – განმარტა როინ მიგრიაულმა.