როგორია სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის რეგულაციები 
როგორია სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის რეგულაციები 

სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის რეგულაციების შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა ევროკომისიისგან გამოითხოვა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ საფრთხის დონე შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე და მიიღონ შესაბამისი ზომები შენობაში მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, საკუთარ ტერიტორიაზე შენობებში უსაფრთხოების დონე დააწესონ. ეს მიდგომა ასევე ეხება სახანძრო უსაფრთხოებას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ საფრთხის დონე შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე და მიიღონ შესაბამისი ზომები შენობაში მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის დონეზე, წესები (სამშენებლო პროდუქტების რეგულაცია 305/2011) მიზნად ისახავს სამშენებლო პროდუქტების შიდა ბაზრის ფუნქციონირების მიღწევას. სამშენებლო პროდუქტების რეგულაცია განსაზღვრავს სამშენებლო პროდუქტების შესრულების პირობებს, რათა მოხდეს CE მარკირების უზრუნველყოფა და მათი ბაზარზე განთავსება. ამგვარი საერთო ტექნიკური ენის არსებობა ამარტივებს სამშენებლო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობას ხარისხისა და უსაფრთხოების დაზარალების გარეშე.

რეგულაცია არ ზღუდავს ან ითხოვს შენობებში სპეციფიკური პროდუქტების გამოყენებას. როგორც აღვნიშნეთ, ეს არის წევრი სახელმწიფოების კომპეტენცია. თუ წევრი სახელმწიფოები ამას საჭიროდ ჩათვლიან, რომ მათ შეუძლიათ, მაგალითად, დაავალდებულონ კონკრეტული შენობებისთვის არააალებადი პროდუქტების გამოყენება ან სავალდებულო გახადონ სახანძრო სისტემებისა ან ცეცხლმაქრი სისტემების ინსტალაცია.

კომისიამ შექმნა „ხანძრის შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა“ (FIEP) იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ საკუთარი საუკეთესო პრაქტიკა და ნაციონალური გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ. FIEP-ში წარმომადგენელი არიან უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციების ჩამოყალიბებაზე და შესაბამისი ევროპული სტრუქტურები. პლატფორმის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილება და ხანძართან დაკავშირებული ინციდენტებიდან ნასწავლი გაკვეთილები.

როგორც მოსალოდნელია, ეს საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს არჩეული რეგულაციების უპირატესობები და ნაკლოვანებები გააცნობიერონ და სახანძრო უსაფრთხოების ეროვნულ პრაქტიკაში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები.

FIEP-ის პირველი შეხვედრა 2017 წლის 16 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა, მასში 25 წევრი სახელმწიფოს და 25 ევროპული ასოციაციის 80-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი იყო სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული რეკომენდაციების შეფასება, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გზების შეფასება და მომავალი თანამშრომლობის სფეროს განსაზღვრა. მოსალოდნელია, რომ FIEP-ის მომავალ შეხვედრზე ეს განხილვები კონკრეტულ შედეგებად გარდაიქმნება“, – ნათქვამია ევროკომისიის წერილში, რომელიც პირველმა არხმა მიიღო.