როგორია ახალი, რვამეტრიანი მწვანე ავტობუსები, რომლებიც თბილისში იმოძრავებს [ფოტო/ვიდეო]

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერმა შეხვედრა გამართა „ისუზუს“ მწარმოებელ, თურქულ კომპანია „ანადოლუ გრუპის“ (Anadolu Group) ხელმძღვანელებთან, ეწვია „ისუზუს“ ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე „ეურო 6“-ის სტანდარტის, რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

„ისუზუს“​ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და „ვაიფაი“.