აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინამორბედის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, არალეგალ მიგრანტებსა და მათ შვილებს აღარ დააშორებენ, შედარებით გაიოლდება აშშ-ის მოქალაქეობის მიღებაც. 2 თებერვალს თავის გამოსვლაში ბაიდენმა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას „მორალური და ეროვნული სირცხვილი“ უწოდა და მისი გადახედვის პირობა დადო.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ საქართველოს პირველი არხი ესაუბრა ვაშინგტონში მდებარე მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს, სარა პირსს:
პირველ რიგში, მინდა, ვისაუბროთ პრეზიდენტ ბაიდენისა და ტრამპის პოლიტიკის განსხვავებებზე.
– პრეზიდენტ ტრამპის მიდგომა გახლდათ უპრეცედენტო, რადგან ის, როგორც არალეგალურ, ისე ლეგალურ მიგრაციას უარყოფით მოვლენად განიხილავდა. მისი შეფასებით, მიგრაცია წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ბაიდენმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩია. ის მიესალმება ლეგალურ იმიგრაციას და ასევე, გაცილებით რბილი მიდგომა აქვს არალეგალური მიგრანტების მიმართ, ვიდრე ტრამპს ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრს შფოთავდნენ არაავტორიზებული მიგრანტების საკითხზე. ახლა, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, არალეგალურ მიგრანტების დიდი ნაწილი დეპორტაციისგან დაცული იქნება. კიდევ ერთი განსხვავება ბაიდენსა და ტრამპს შორის არის ცვლილებების განხორციელების ტემპი. ტრამპის ადმინისტრაციის დროს საიმიგრაციო პოლიტიკა პრიორიტეტული იყო და ისინი უპრეცედენტოდ ჩქარი ტემპით მუშაობდნენ, რათა პრეზიდენტის დღის წესრიგით დასახული მიზნებისთვის მიეღწიათ. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის კი, პრიორიტეტული სხვა საკითხებია. უმთავრესი გახლავთ პანდემია, ასევე კლიმატური ცვლილებები და რასობრივი უთანასწორობა. მიგრაციის პოლიტიკაში ცვლილებები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაცილებით ნელი ტემპით შეაქვთ.
როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის სამხრეთ საზღვრებზე, რომელზეც ხშირად ვხედავთ ე.წ. მიგრანტების ქარავანს?
– აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე შექმნილი სიტუაცია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ნამდვილად სირთულეს წარმოადგენს. ტრამპმა ფიზიკური კედლის აშენების გარდა, ააგო ნამდვილი ბიუროკრატიული კედელიც. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ახლაც ძალაშია, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არადა, ადამიანების უმეტესობა აშშ-ის სამხრეთ საზღვართან სწორედ თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემართება. ასე რომ, პრეზიდენტ ბაიდენის ამოცანა, ერთი მხრივ, არის, შეცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც ტრამპის დროს მიიღეს, მეორე მხრივ კი, აშშ-ის სამხრეთ საზღვარი ძალიან ცუდადაა აღჭურვილი და დაუცველი, მიგრანტების დიდ ნაკადს ვერ უმკლავდება. ბაიდენს მოუწევს ამ რესურსების შეცვლა და მოდერნიზაცია. ამავე პერიოდში მან უნდა შეძლოს მიგრანტების ტალღის შეკავებაც. ე.წ. მიგრანტების ქარავანი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ საზღვრისკენ მიემართება, პრეზიდენტ ბაიდენისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან საზღვარი უბრალოდ, არ არის მომზადებული ამ რაოდენობით ადამიანების მისაღებად.
როგორც ვიცით, ჯო ბაიდენი ასევე აპირებს, კონგრესს წარუდგინოს საიმიგრაციო პოლიტიკის ახალი გეგმა, რომელიც 11 მილიონ არალეგალ მიგრანტს მისცეს შანსს, მიიღოს მოქალაქეობა. შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამ გეგმის შესახებ?
– დიახ, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს კანონპროექტის წარდგენას კონგრესში, რომელიც უნდა მოიცავდეს აშშ-ის საიმიგრაციო სისტემის ძალიან ბევრ რეფორმას. მათ შორის არის 11 მილიონი მიგრანტის ლეგალიზაციის ინიციატივაც. თუმცა, ამ დრომდე ეს მხოლოდ წინადადებად რჩება და ბაიდენის ადმინისტრაციას პროექტის ტექსტი ჯერ კონგრესშიც კი არ გადაუგზავნია. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც, თუ ის პროექტს წარადგენს, მაინც ძალიან რთული იქნება, აიძულო კონგრესს, რაიმე გააკეთოს იმიგრაციის საკითხზე. აშშ-ის კონგრესს 30 წელიწადზე მეტია, არ მიუღია არანაირი კანონი მიგრაციის შესახებ. მათ არაფერი გაუკეთებიათ აშშ-ში ლეგალურად მიმავალი მიგრანტების ნაკადების სამართავად ან თუნდაც არაავტორიზებული მიგრანტების ლეგალიზაციისთვის. ამიტომ, ამ საკითხს დიდი ოპტიმიზმით არ შევხედავდი. არ მგონია, რომ კონგრესმა ეს პროექტი დაამტკიცოს, მაგრამ ბევრ ჩვენგანს იმედი მაინც აქვს, რადგან უკვე საკმაოდ დრო გავიდა, რათა აშშ-ში მყოფი არალეგალური მიგრანტების ლეგალიზაცია მოხდეს.
ერთ-ერთ ბოლო სტატიაში თქვენ წერთ, რომ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა შესაძლოა, მიეცეთ ექიმებს, ექთნებს და სხვა მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ მიგრანტებს.
– კონგრესი 11 მილიონი მიგრანტის ლეგალიზაციას თუ არ დათანხმდება, მაშინ შესაძლოა, მათ სხვა შედარებით პატარა ჯგუფის წარმომადგენლებს მისცენ შანსი, მიიღონ აშშ-ის მოქალაქეობა. მათ შორის, ერთ-ერთ ჯგუფს წარმოდგენს ექიმები, ექთნები, კურიერები, სუპერმარკეტების გამყიდველები და ყველა ის ადამიანი, რომელიც პანდემიას ფრონტის წინა ხაზზე ებრძოდა. ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა, რომ კონგრესი ამ ჯგუფის წარმომადგენელი მიგრანტების ლეგალიზაციას დათანხმდეს და ასეთ შემთხვევაშიც კი, მილიონობით არალეგალი მიგრანტი იგრძნობდა შვებას. კიდევ ერთი ჯგუფში, რომელთა ლეგალიზაციაც შესაძლებელია, შედიან არაავტორიზებული მიგრანტები, რომელთა შვილსაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. კიდევ ერთ ასეთი ჯგუფს წარმოადგენს ე.წ. მეოცნებეები. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც აშშ-ში ჩაიყვანეს და მათი ლეგალიზაცია ამ დრომდე არ მომხდარა. ამ ადამიანების საკითხს კონგრესში უკვე 20 წელია, განიხილავენ.
და ბოლოს, მინდა გკითხოთ, რა იქნებოდა რეალური შეთავაზება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა მიგრანტების მდგომარეობას აშშ-ში?
– პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთი სერიოზული აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, თუმცა ამ განკარგულებებით რეალურად არაფერი შეცვლილა. ამ განკარგულებებით ბაიდენმა მოახდინა წინა ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის გადახედვის ინიცირება და იმედია, შესაბამისი ცვლილებები უახლოეს თვეებში მოხდება. ეს მოიცავს ლეგალური იმიგრაციის გახსნას, რაც მისცემს საშუალებას იმიგრანტებს, აშშ-ში შედარებით იოლად ჩავიდნენ, ასევე დეპორტაცია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სერიოზულ დანაშაულშია ბრალდებული. შეიცვლება ის შეზღუდვები, რომლებიც ტრამპმა თავშესაფრის მიღების მსურველთათვის დააწესა. იმედია, ცვლილებები ნამდვილად იქნება, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან ნელა მოქმედებს და ცვლილებებს რამდენიმე თვე დასჭირდება.