მიჩნეულია, რომ COVID-19 ძირითადად ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის შედეგად გადადის, მათ შორის ერთმანეთთან ფიზიკურად ახლოს მყოფ ადამიანებს (1,8 მეტრის რადიუსში) შორის. ვირუსი სხვებს შეიძლება გადასდოს იმ ადამიანმაც, რომელიც ინფიცირებულია, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნება. იშვიათად, მაგრამ მაინც დაფიქსირებულია COVID-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევებიც. ამ ვირუსის გავრცელების გზებსა და და მის მიერ გამოწვეული დაავადების სიმწვავეს მეცნიერები დღემდე სწავლობენ.
COVID-19 ადამიანიდან ადამიანზე ძალიან ადვილად გადადის
ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების სიმარტივე ცვალებადია. ახალი კორონავირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს (SARS-CoV-2), როგორც ჩანს, უფრო ეფექტიანად ვრცელდება, ვიდრე გრიპის ვირუსი, მაგრამ არც ისე ეფექტიანად, როგორც წითელას ვირუსი, რომელიც ადამიანებს შორის ცირკულირებადი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია.
COVID-19 ყველაზე ხშირად ახლო კონტაქტის დროს ვრცელდება
- ინფექციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ახლოს არის (1,8 მეტრის რადიუსში) COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან ან ჰქონდა მასთან პირდაპირი კონტაქტი.
- როდესაც COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს, მღერის, ლაპარაკობს ან სუნთქავს, წარმოქმნის რესპირატორულ წვეთებს. ამ წვეთების ზომა მერყეობს საკმაოდ მოზრდილიდან (რომელიც თვალითაც ჩანს) საკმაოდ პატარამდე. ჰაერის ნაკადში ძალიან სწრაფად გაშრობის შემთხვევაში, მცირე წვეთებს შეუძლია ნაწილაკების წარმოქმნაც.
- ინფიცირება ძირითადად სწორედ რესპირატორული წვეთებით ხდება, როდესაც ადამიანი COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტშია.
- რესპირატორული წვეთები ინფიცირების მიზეზი ხდება მაშინ, როდესაც მას ჩავისუნთქავთ ან ლორწოვან გარსზე ხვდებიან — ცხვირში ან პირში.
- რაც უფრო შორ მანძილზე მიდის COVID-19-ით ინფიციებული პირის მიერ წარმოქმნილი რესპირატორული წვეთები, მათი კონცენტრაცია იკლებს. გრავიტაციის გამო დიდი წვეთები მაშინვე ეცემა, პატარა წვეთები და ნაწილაკები კი ჰაერში ვრცელდება.
- დროის გასვლასთან ერთად, რესპირატორულ წვეთებში ინფექციური ვირუსის რაოდენობა იკლებს.
COVID-19 ზოგჯერ შეიძლება ჰაერწვეთოვანი გზითაც გავრცელდეს
- ზოგიერთი ინფექცია შეიძლება გავრცელდეს იმ ვირუსთან შეხების გზითაც, რომელიც წუთების ან საათების განმავლობაში ჰაერში ჩამოკიდებულ მცირე წვეთებსა და ნაწილაკებშია. ასეთმა ვირუსებმა შეიძლება დააინფიციროს ინფიცირებული პირისგან 1,8 მეტრს იქით მყოფი ადამიანებიც, ანდაც ისინი მაშინ დაინფიცირდნენ, როდესაც ეს ადამიანი სივრცეს დატოვებს.
- ამ სახის გავრცელებას ჰაერწვეთოვან გავრცელებას უწოდებენ და მნიშვნელოვანი გზაა ისეთი ინფექციებისთვის, როგორებიც არის ტუბერკულოზი, წითელა და ჩუტყვავილა.
- არსებობს მტკიცებულებები, რომ გარკვეულ გარემოში, COVID-19-ით ინფიცირებულმა ადამიანებმა დააინფიცირეს მათგან 1,8 მეტრზე მოშორებით მყოფები. ასეთი გადადება ხდება არასათანადო ვენტილაციის მქონე დახურულ სივრცეებში. ინფიცირებული ადამიანი ზოგჯერ მძიმედ სუნთქავს, მაგალითად, სიმღერის ან ვარჯიშისას.
- მეცნიერთა აზრით, ასეთ გარემოში, COVID-19-ით ინფიცირებული პირები საკმარისი კონცენტრაციით წარმოქმნან პატარა ინფექციურ წვეთებსა და ნაწილაკებს, რათა ვირუსი სხვებსაც გადასდონ. ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, იმავე დროს იმავე სივრცეში იმყოფებოდნენ ან სულ მალე შევიდნენ მას შემდეგ, რაც სივრცე COVID-19-ით ინფიცირებულმა დატოვა.
- ამჟამად არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი (SARS-CoV-2) გაცილებით ხშირ შემთხვევაში უფრო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შედეგად ვრცელდება, ვიდრე ჰაერწვეთოვანი გზით.
COVID-19 უფრო ნაკლებად ვრცელდება ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით
- რესპირატორული წვეთები შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა ობიექტის ზედაპირზე. შესაძლებელია, რომ ადამიანი COVID-19-ით დაინფიცირდეს, როდესაც ის ჯერ შეეხება რაიმე ისეთ ზედაპირს, რომელზეც ვირუსია დაცემული, შემდეგ კი ამ ხელს პირზე, ცხვირზე ან თვალში მოისვამს.
- ასეთ ზედაპირებთან შეხებით ინფიცირება COVID-19-ის გავრცელების ძირითად გზად არ მიიჩნევა.
COVID-19 იშვიათად გადადის ადამიანსა და ცხოველს შორის
- როგორც შეიმჩნევა, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება, ადამიანიდან ცხოველს გადაედოს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისთვის (CDC) ცნობილია მცირე რაოდენობით შემთხვევა მსოფლიო მასშტაბით, როდესაც SARS-CoV-2-ით შინაური ცხოველი ცხოველები დაინფიცირდნენ, მათ შორის, კატები და ძაღლები; ასეთი შემთხვევები ძირითადად COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტის შემდეგ მოხდა.
- ამავე დროს, დაბალ რისკად მიიჩნევა COVID-19-ის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე.
დაიცავი საკუთარი თავი და სხვები
ამ დაავადებისგან საუკეთესო თავდაცვა ვირუსისგან თავის არიდებაა. გავრცელების შესანელებლად, შეგიძლიათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ.
- როდესაც შეგიძლიათ, ყოველთვის დაიცავით სხვა ადამიანებისგან 1,8-მეტრიანი დისტანცია. ეს ქმედება საკმაოდ მნიშვნელოვანია COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში.
- ხალხში ყოფნისას ცხვირი და პირი ყოველთვის დაიფარეთ ნიღბით. ეს დაგიცავთ როგორც ახლო კონტაქტისას ვირუსის გავრცელებიუსგან, ისე ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირებისგან.
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. თუ მათზე ხელი არ მიგიწვდებათ, გამოიყენეთ ხელების სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც სულ მცირე 60 პროცენტ ალკოჰოლს შეიცავს.
- მოერიდეთ ხალხმრავალ დახურულ სივრცეებს და დარწმუნდით, რომ დახურული სივრცე სათანადოდ ნიავდება, შემოდის რაც შეიძლება მეტი ჰაერი გარედან. ზოგადად, გარეთ ყოფნა და კარგი ვენტილაციის მქონე სივრცე ინფექციურ რესპირატორულ წვეთებთან კონტაქტის რისკს ამცირებს.
- ავადმყოფობის დროს დარჩით სახლში და არ გქონდეთ სხვებთან კონტაქტი.
- გამუდმებით გაასუფთავეთ და მოახდინეთ ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია.
პანდემია საკმაოდ სტრესულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვებისგან შორს ხართ. ამ დროს მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სოციალური კავშირები და იზრუნოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მომზადებულია cdc.gov-ის მიხედვით.