როგორ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობად, საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე - მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ
როგორ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობად, საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე - მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ერთი წლის წინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს შევუდექით, ქვეყნის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მთავარ საფუძვლად 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება და ქვეყნის ამ ნაბიჯისთვის მომზადება განვსაზღვრეთ. მაშინ ალბათ ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე, რომ „მეტი ევროკავშირი საქართველოში და მეტი საქართველო ევროკავშირში“ ასე სწრაფად იქცეოდა ჩვენს ყოველდღიურობად. პოლიტიკური სიურპრიზებით დატვირთული წელი ევროკავშირის ჩართულობის ხარისხით ნამდვილად გამოირჩეოდა.

ხმაურიანი ქართული პოლიტიკის კვალდაკვალ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოშიც ბევრი რამ შეიცვალა. აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთფეროვანი არასდროს ყოფილა, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფერები კიდევ უფრო გამძაფრდა და ამ ფონზე საქართველო მეტად გამოიკვეთა, როგორც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში.

ყარაბაღის ომმა, ბელარუსში მიმდინარე პროცესებმა, რუსეთის მზარდმა გავლენამ რეგიონში, მოლდოვის არჩევნებმა, თვისობრივად შეცვალა აღმოსავლეთ პარტნიორობის არქიტექტურა. ასოცირებული სამეულის ფორმატის გაძლიერებისთვის რეალური მომენტი გაჩნდა, რამაც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შორის თანამშრომლობის ფორმალიზებას მისცა ბიძგი. ამავდროულად, ისიც უნდა ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. ამის დასტურია ევროკავშირის ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, სწრაფი აღდგენისა და განვითარებისთვის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შეთავაზება.

მოდით, გადავხედოთ ოქტომბრიდან ოქტომბრამდე, ერთ პოლიტიკურად ცხელ წელს საქართველოს დემოკრატიისთვის და ვიფიქროთ, რა როლი შეიძლება ითამაშოს მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ გადადგმულმა არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, პარლამენტის ბოიკოტმა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევამ, კანონის უზენაესობის უგულებელყო ქვეყნის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

საქართველო, რომელმაც ბოლო წლებში, წარმატებული რეფორმების დამსახურებით, ევროკავშირის სამეზობლოში ლიდერის პოზიცია დაიკავა, ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მაშინვე მოექცა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უჩვეულოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და 2021 წლის მარტში საქართველოში ვიზიტისას პოლიტიკურ პარტიებს მედიატორობა შესთავაზა. მისი ეს ნაბიჯი ბრიუსელის კულუარებში მაშინვე იქნა შეფასებული, როგორც დიდი რისკი. წარუმატებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლის რეპუტაციას შესაძლოა ჩრდილი მიდგომოდა, რაც ბუნებრივია, არც თავად ევროკავშირისთვის იქნებოდა სახარბიელო. მედიაციის ინიციატივას უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლა მოყვა, დიალოგი ინტენსიურ ფაზაში შევიდა, როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში.

მმართველი პარტიის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა მედიაციის წარმატებაში. შედეგად, რამდენიმე კვირაში მედიატორის მიერ შემოთავაზებული პირობების საფუძველზე, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანდასწრებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოაწერა პოლიტიკურ შეთანხმებას. პარლამენტის ბოიკოტი შეწყდა და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა კუთვნილი ადგილები დაიკავეს პარლამენტში.

ევროკავშირის პრეზიდენტის წარმატებულმა მედიაციამ საქართველოს კარგი შესაძლებლობა მიეცა იმისათვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისთვის სწორი ნაბიჯები გადადგას და ახალი ეტაპისთვის მოემზადოს, რაც შემდგომი პარლამენტის სრულად პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს. თუ კი მომდევნო არჩევნებამდე პერიოდს პოლიტიკური პარტიები პლატფორმებისა და მტკიცე იდეოლოგიური საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენებენ, ქვეყანაში ბოლო წლებში უკიდურესად პოლარიზებული, ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს შეცვლის რეალური შანსიც გაჩნდება. თუმცა დღევანდელ რეალობად, ადგილობრივი არჩევნების წინ, კვლავ უკიდურესად პოლარიზებული გარემო რჩება ქვეყანაში. პოლარიზაციის მაღალი ხარისხი მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის და ბოლო პერიოდში მსოფლიოს ძირძველ დემოკრატიებშიც კი გაჩნდა იგივე გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშე დგას.

განსხვავება იმაშია, რომ საქართველო მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მნიშვნელოვან ეტაპს ახლა გადის და ჯერ კიდევ მრავალ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწევს. სწორად ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე და იმ საფუძვლების გაფრთხილება, რაზეც უნდა დავაშენოთ დემოკრატიის განვითარების შემდგომი ეტაპი. ისიც უნდა ითქვას, რომ მედიაციის საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება ხმაურმა გადაფარა, ივლისში მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური შეთანხმების გაუქმებამ. ხმაურში ერთგვარად ჩაიკარგა შეთანხმების გაუქმების მთავარი მიზეზიც: ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ევროკავშირის მედიაციით შექმნილ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა და მისი შემდგომი პოლარიზაციისთვის გამოყენება.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის 75 მილ. ევროს სესხზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, მორიგი ხმაური მოყვა. ეს კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ გამოყენებულ იქნა იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული კურსის სიმტკიცეს ჩრდილი მიდგომოდა. თუმცა რეალურად, ამ ერთი წლის მოვლენებმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ეტაპი გამოკვეთა და ცხადი გახადა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების აუცილებლობა. საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, 2014 წლიდან წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის არის საჭირო. ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება ასოცირების მიღმა ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობს. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა და ევროკავშირთან დიალოგის ახალი ფორმატების ჩამოყალიბების მცდელობებსაც ჰქონდა ადგილი. დიალოგის გაძლიერების აუცილებლობა, უფრო კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კონკრეტული ნაბიჯი, 2024 წელს განაცხადის გაკეთება დააანონსა. შემდგომი ეტაპის კვალდაკვალ, ბუნებრივია, გაჩნდება რეფორმების ახალი ტალღების აუცილებლობაც, რაც ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის იქნება აუცილებელი. ევროკავშირში გაწევრიანების გზა, რომ სირთულეებით სავსეა, ამას იმ ქვეყნების გამოცდილებაც გვასწავლის, რომლებიც ბოლო ათწლეულებში გახდნენ ევროკავშირის წევრები, ან ახლა გადიან ამ ეტაპს.

ერთმა ცხელმა წელმა ქართულ დემოკრატიაში და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკამ ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს ჩვენს ურთიერთობებში, რაც საქართველოს დაეხმარება საბოლოო მიზნის მიღწევაში და საჭირო რეფორმების საფუძვლიან გატარებაში. ამისთვის, პირველ რიგში ევროკავშირთან სხვადასხვა დონეზე ექსპერტული, თუ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებაა საჭირო. ამასთან, მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა. პოლიტიკოსებმა კი, ორივე მხრიდან თვალი უნდა გაუსწორონ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ გამოწვევებს და ყოველ ჯერზე სტრატეგიული მიზნის გარშემო აჟიოტაჟის ნაცვლად, აქტიურად ეძიონ მათი ეფექტიანი გადაწყვეტის გზები. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე და მზარდი რუსული გავლენების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ოპედში.