როგორ უძლებენ პლანეტის ყველაზე საოცარი არსებები წარმოუდგენლად მკაცრ გარემოს - ახალი კვლევა
პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საოცარ არსებებს, ნელამავალებს ზოგჯერ „წყლის დათვებს“ ან „ხავსის გოჭებს“ უწოდებენ. სინამდვილეში, ვერცერთი დათვი ან გოჭი ვერასოდეს იოცნებებს ისეთი რამეების გაკეთებას, რაც ამ უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოებულ არსებებს ძალუძთ.
ნელამავალნი ცნობილი არიან წარმოუდგენელი გამძლეობით, რადგან შეუძლიათ გადაურჩნენ თითქმის ყველა სახის ექსტრემალურ გარემოს.
როდესაც გარემო უარესდება, ნელამავალები ფაქტობრივად მინად გადაიქცევიან და ასეთ მდგომარეობაში ათწლეულები, სავარაუდოდ საუკუნეებიც კი ძლებენ. ისინი უძლებენ ტემპერატურულ უკიდურესობებს, არ აწუხებთ კოსმოსის ცივი ვაკუუმიც კი.
აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ნელამავალებმა ახლახან შეიძლება მთვარის კოლონიზაციაც დაიწყეს, რადგან ცოტა ხნის წინ მთვარის ზედაპირზე ჩავარდნილ ისრაელის ხომალდ „ბერეშიტს“ იქ ეს არსებებიც მიჰყავდა. ეს კი ნამდვილი მიღწევა იქნება ცხოველებისთვის, რომელთა სიგრძე მილიმეტრზე ნაკლებია.
საიდან აქვთ მათ ასეთი სუპერძალა? ამ წყლის ორგანიზმთა წარმოშობის ზუსტი ამბავი ჯერჯერობით გარკვეული არ არის, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ ახლახან ბოლოსდაბოლოს ამოხსნეს წყლის დათვის განუმეორებელ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთის საიდუმლო.
ერთი რამ, რაც ნელამავალების ურღვევობას განაპირობებს, არის მათში ჩაშენებული რადიაციისგან დამცავი ფარი.
2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნელამავალებში არსებული უნიკალური ცილა, სახელად Dsup (საფრთხის შემბოჭველი), ადამიანის უჯრედებში დაახლოებით 40 პროცენტით ახშობს რენტგენული სხივებით გამოწვეულ დნმ-ის დაზიანებას.
ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარი ტაკუმა ჰაშიმოტო მაშინ აცხადებდა, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩნენ, რადგან მხოლოდ ერთი გენი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადამიანის უჯრედებში გაეუმჯობესებინა რადიაციის ამტანობა.
რადიაციის ამ მაჩვენებლით ამტანობა მართლაც განსაცვიფრებელია, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოქმედებს ეს პროცესი? ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე უცნობი იყო. თუმცა, ყველაფერს ნათელი მოჰფინა კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელმაც Dsup-ცილას ანალიზები ჩაუტარა მისი მოლეკულური ფუნქციების გასარკვევად.
მოლეკულური ბიოლოგის, ჯეიმს კადონაგას განცხადებით, მათ ახლა უკვე ხელთ აქვთ იმის მოლეკულური ახსნა, თუ როგორ იცავს Dsup ცილა უჯრედებს რენტგენული დასხივებისაგან.
დადგინდა, რომ მას ორი ნაწილი აქვს; ერთი ნაწილი კრავს ქრომატინს, დანარჩენი კი წარმოქმნის გარკვეული სახის ღრუბელს, რომელიც დნმ-ს ჰიდროქსილის რადიკალებისგან იცავს.
ჰიდროქსილის რადიკალები არის ნაწილაკთა ჯგუფი, რომელიც უჯრედებში რადიაციის იონიზაციით წარმოიქმნება. თუმცა, ნელამავალები ამ ნაწილაკების ზემოქმედების ქვეშ მაშინაც უნდა ექცეოდნენ, როცა მათი ბინადრობის ტენიანი ადგილი შრება, რის გამოც წყლის დათვები გადარჩენის არააქტიურ მდგომარეობაში, იგივე კრიპტობიოზისში გადადიან.
მკვლევართა დასკვნით, Dsup ცილის ღრუბლის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც დნმ-ს ჰიდროქსილის რადიკალებისგან დაზიანებისგან იცავს, შეიძლება სულაც არ იყოს რადიაციისგან დაცვისთვის წარმოქმნილი ადაპტაციის საშუალება. სინამდვილეში, ის შეიძლება იყოს მშრალი გარემოს მიერ წარმოქმნილი ჰიდროქსილის რადიკალებისგან დაცვის ფორმა.
თუკი მეცნიერთა ეს დასკვნა მართალია, დამტკიცდება 2016 წლის კვლევაში გამოთქმული ვარაუდები.
კვლევის ავტორი ტაკეკაზუ კუნიედა მაშინ აცხადებდა, რომ რენტგენული სხივების ატანა ცხოველებში შეიძლება იყოს სასტიკი გაუწყლოების გვერდითი ეფექტი.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩამოყალიბდა Dsup ცილის მექანიზმი, რაც უფრო მეტს ვიგებთ ნელამავალთა განსაცვიფრებელი ხრიკების შესახებ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, შეიძლება მათი საოცარი ბერკეტები ჩვენც მოვირგოთ.
კვლევა ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ucsd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.