როგორ თამაშობენ კოიოტი და მაჩვი — კამერამ უიშვიათესი კადრები დააფიქსირა
გარეულ ცხოველებს ხშირად არამეგობრულ, უგულო, უკარება არსებებად მივიჩნევთ. სინამდვილეში კი ვითარება სულ სხვანაირია — ბევრ სახეობას ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
გაიხსენეთ ფრინველები, რომლებიც ძუძუმწოვრებს ზურგიდან პარაზიტებს აცლიან და ჭამენ, ანდაც ტარანტულას ბუდეებში მობინადრე ბაყაყები, რომლებიც მას მავნებლებისგან ასუფთავებენ.
სწორედ ასეთი, საკმაოდ კარგად ცნობილი ურთიერთობა არსებობს კოიოტებსა (Canis latrans) და ამერიკულ მაჩვებს (Taxidea taxus) შორის. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ეს ორი სახეობა ხშირად ერთიანდება სოროებში მობინადრე ცხოველებზე სანადიროდ; მაჩვი მიწას თხრის, კოიოტი კი მიწაზე ამოსულ ცხოველს მისდევს და იჭერს.
თუმცა, ახლახან გადაღებულ ვიდეოში რაღაც სრულიად მოულოდნელი ჩანს. ველური ბუნების სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ასახულია, როგორ თამაშობენ კოიოტი და მაჩვი.
კოიოტი მილსადენიდან ხტუნაობითა და კუდის ქიცინით გამორბის, უცბად მისკენ მოემართება მაჩვი და წყვილი ბედნიერად მიემართება სადრენაჟო მილის სიღრმეში. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
როგორც ვიდეოს ავტორი ველური ბუნების ორგანიზაცია წერს, კოიოტები და მაჩვები ერთად ხშირად ნადირობენ, რაც გაცილებით აადვილებს, მაგალითად, მიწის ციყვების დაჭერას, მაგრამ ერთმანეთთან თამაში საკმაოდ უცნაური ქცევაა.
გარდა ამისა, ეს ვიდეო პირველი დასტურია იმისა, როგორ იყენებენ კოიოტი და მაჩვი ადამიანის მიერ შექმნილ სტრუქტურას — გზის ქვეშ ჩამონტაჟებულ სადრენაჟო მილს. ვიდეო სან-ფრანცისკოს უბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.
კადრები ორგანიზაცია Peninsula Open Space Trust-ის კამერამ გადაიღო. სამხრეთ სანტა-კრუსის მთებთან მათ 50 სენსორული კამერა აქვთ დამონტაჟებული, რათა გაარკვიონ, როგორ ურთიერთობენ გარეული ცხოველები ავტომაგისტრალებთან.
ასეთი ინფორმაცია საკმაოდ გამოსადეგია ველური ბუნების კონსერვაციისთვის, გარეულ ცხოველთა მიერ ავტომაგისტრალების გადაკვეთის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის.
რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეოს, National Geographic-ის ცნობით, სხეულის ენა ამ წყვილს შორის მიუთითებს, რომ ისინი არა მხოლოდ ერთად მომუშავე კოლეგები (სანადიროდ) არიან, არამედ მათ ამაზე უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ.
მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.