ძაღლებს მრავალი უცნაურობა ახასიათებთ. მათი ზომაც საკმაოდ მერყეობს, ნიუფაუნდლენდიდან დაწყებული, ჩიუაუათი დამთავრებული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაბალი ძაღლია და ამ მაჩვენებლით გინესის რეკორდსაც ფლობს.
ზოგი ჯიში სწრაფად მორბენალია, ზოგიც მხტომელი, მოცურავე თუ თხრის მოყვარული. მეძებარი ძაღლები ყნოსვაზე არიან სპეციალიზებული, მწევრები კი ნადირობისას ძირითადად მხედველობას ეყრდნობიან.
ბორდერ-კოლი შესანიშნავი მწყემსია, ჯეკ რასელ ტერიერი კი ვირთხებზე ნადირობს.
ბოლო 15 000 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ვიქტორიანული ეპოქის ძაღლების გამოყვანის ბუმის დროს, ადამიანების მიერ დაწყებული ხელოვნური გადარჩევა დასრულდა კონკრეტული სახეობებით, რომლებსაც უფრო მეტი ფიზიკური ვარიაციები აქვთ, ვიდრე ცხოველთა სამეფოს სხვა ნებისმიერ წარმომადგენელს.
ახლახან, მეცნიერებმა წარმოადგინეს პირველი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შეცვალა მთელმა ამ ხელოვნურმა გადარჩევამ ძაღლების არა მხოლოდ ზომა, ფერები და ქცევები, არამედ მათი ტვინის სტრუქტურაც.
კვლევის ფარგლებში, ჯორჯიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის სწავლების ჰოსპიტალში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს 62 ძაღლს. ისინი 33 სხვადასხვა ჯიშს მიეკუთვნებოდნენ და ჰქონდათ ჯანმრთელი ტვინი. სკანირების შედეგად, მეცნიერებმა უნიკალური მონაცემები მიიღეს.
კვლევის ავტორის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ძაღლების შემეცნების ნეირომეცნიერის, ერინ ჰექტის განცხადებით, პირველი, რისი გაგებაც მათ სურდათ, იყო ის, განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ჯიშის ძაღლების თავის ტვინი ერთმანეთისგან.
ტაქსადან დაწყებული, დობერმანით დამთავრებული, მკვლევრებმა ძაღლების თავის ტვინებს შორის აშკარა განსხვავება იპოვეს.
ტვინის იმ ნაწილებზე დაკვირვების შემდეგ, რომელიც ჯიშებს შორის ყველაზე მეტად იცვლება, მეცნიერებმა შექმნეს ექვსი ნერვული ქსელის რუკა, რომლებიც დაკავშირებული იყო ისეთ ძირითად ფუნქციებთან, როგორებიცაა ყნოსვა და მოძრაობა. აღმოჩნდა, რომ ამ ქსელების ფორმა მნიშვნელოვნად იყო თანხვედრაში თითოეული ჯიშისთვის დამახასიათებელ ზოგად თვისებებთან, რომლებიც ამერიკის მეძაღლეობის კლუბის მიერ არის გაწერილი.
ჰექტის თქმით, ჯიშებს შორის ტვინის ანატომია იცვლება და როგორც ჩანს, ამ სხვაობათა გარკვეული ნაწილის მიზეზია ხელოვნური გადარჩევა კონკრეტული ქცევების, მაგალითად, ნადირობის, მწყმსვისა თუ დარაჯობის მისაღებად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯიშებს შორის იცვლება არა მხოლოდ ტვინის ფორმა და ზომა, არამედ სტრუქტურაც. ამ აღმოჩენის წყალობით, შეიძლება აიხსნას, რატომ იქცევა მაგალითად მალტეზე, როგორც მალტეზე და პეკინესი, როგორც პეკინესი.
ნებრასკის უნივერსიტეტის ძაღლების შემეცნებისა და ადამიანებთან ურთიერთქმედების ლაბორატორიის დირექტორის, ჯეფრი სტივენსის განცხადებით, ამ კვლევაში მონაცემები „ჭკვიანური“ გზით არის გამოყენებული, მაგრამ აქვს გარკვეული შენიშვნებიც.
მისი თქმით, ხშირად, ქცევები სრულიად სხვადასხვაა ერთი ჯიშის ინდივიდებს შორისაც. გარდა ამისა, იგი მიუთითებს, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია არ ჩატარებულა იმ დროს, როცა ძაღლები მათი ჯიშისთვის დამახასიათებელ ქცევებს ასრულებდნენ, რაც ართულებს დიდ დასკვნას ჯიშისა და ქცევების კავშირის შესახებ.
თუმცა, მისი მიდგომა აჩენს ერთ დამაინტრიგებელ შეკითხვას. დღეისათვის, ძაღლების უმეტესობა არ ასრულებს იმ როლს, რისთვისაც თავის დროზე მათი ჯიში შექმნეს.
შესწავლილი 63-ვე ძაღლი შინაური, სახლის ძაღლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება დიდებული მწყემსებისა თუ მონადირეების შთამომავლები იყვნენ, ამ უნარებს ისინი დღეს დიდად აღარ იყენებენ. სწორედ აქ არის დიდი სხვაობა.
შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ლაბრადორს, რომელიც აკეთებს იმას, რისთვისაც ეს ჯიში გამოიყვანეს — ეძებს მონადირის მიერ დახოცილ ფრინველებს — განსხვავებული ტვინი ჰქონდეს ლაბრადორისგან, რომელიც მთელ ცხოვრებას ტახტზე ბალიშებს შორის წამოკოტრიალებული, პოპკორნის ჭამაში ატარებს.
არიზონის უნივერსიტეტის ძაღლების შემეცნების ცენტრის დოქტორანტის, დანიელ ჰორშლერის განცხადებით, ძაღლების ჯიშებს შორის არსებული სხვაობები შეიძლება მნიშვნელოვანი მოდელი გახდეს ზოგადად, ტვინის მუშაობის შესასწავლად.
ჰექტის თქმით, მისი ჯგუფი ცდილობს უკეთ დაადგინოს, რატომ და რა სხვაობები ჩნდება თავად ჯიშს შიგნით, სხვაობები უფრო გონიერ და შედარებით „უჭკუო“ ინდივიდებს შორის.
„მაგალითად, წარმოიდგინეთ ბორდერ-კოლი, რომელიც მწყემსობის შეჯიბრს იგებს და მისი ძმები, რომლებიც რაღაც მიზეზით, დივანზე არიან წამოკოტრიელებული“, — ამბობს მკვლევარი.
ერთ-ერთმა წინა კვლევამ უკვე დაადგინა, რომ ჰორმონ ოქსიტოცინზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ბორდერ-კოლი და ციმბირული ჰასკი; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძაღლის ჯიშები შესაძლოა სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ მედიკამენტებზე, ანესთეზიაზე თუ სხვა სამედიცინო ჩარევებზე.
კვლევა The Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.