როგორ კლავს ჩვენი იმუნური სისტემა ბაქტერიას - მეცნიერებმა პროცესს ვიდეო გადაუღეს
სისხლში შეჭრილი ბაქტერიის მოსაკლავად, ჩვენი იმუნური სისტემა „ნანომანქანებს“ მიმართავს, რომლებსაც სამიზნეებისთვის სასიკვდილო დარტყმების მიყენება შეუძლიათ. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან ამ ნანომანქანათა მოქმედება გადაიღეს და აღმოაჩინეს ამ პროცესის გადამწყვეტი მომენტი, რომელიც ჩვენს უჯრედებს იცავს.
კვლევა ახალ ცნობებს გვაწვდის იმასთან დაკავშირებით, როგორ კლავს იმუნური სისტემა ბაქტერიას და რატომ რჩება ჩვენი უჯრედები ამ დროს ხელუხლებელი. აღმოჩენის შედეგად შესაძლებელია ახალი საშუალებების შექმნა, რომელიც უფრო გააძლიერებს იმუნური სისტემის მოქმედებას ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, ასევე ხელს შეუწყობს სტრატეგიებს, რომელთა მიზანიც იმუნური სისტემის გამოყენებაა ორგანიზმში არსებულ სხვა მოხეტიალე უჯრედთა წინააღმდეგ.
წინა კვლევაში მეცნიერებმა გადაიღეს თავდასხმის დროს ცოცხალი ბაქტერიისთვის მიყენებული დაზიანებები, რომელშიც კარგად ჩანდა, რომ იმუნური სისტემის თავდასხმის შედეგად, ბაქტერიის უჯრედის გარსში ჩნდება ხვრელები. ამ ხვრელთა დიამეტრი სულ რაღაც 10 ნანომეტრია.
კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა ჩაატარეს ამ მომაკვდინებელი ხვრელების წარმოქმნის სიმულაცია, რისთვისაც ბაქტერიის ზედაპირის მოდელზე მემბრანული შეტევის კომპლექსი (MAC) გამოიყენეს. პროცესის თითოეულ ეტაპზე დაკვირვებისას, მათ აღმოაჩინეს, რომ ხვრელების წარმოქმნის დაწყებიდან მალევე, პროცესი შეჩერდა.
დოქტორ ედუარდ პარსონსის განცხადებით, ისე ჩანდა, თითქოს ნანომანქანებმა ცოტა ხნით მოიცადეს, თითქოს ისინი ორგანიზმის უჯრედები ყოფილიყვნენ და არა შეჭრილი მავნებლები, შემდეგ კი სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს.
ჯგუფის თქმით, პროცესი იმიტომ დაპაუზდა, რომ ხვრელის დასასრულებლად საჭიროა იმავე ცილის 18 ასლის შექმნა. თავდაპირველად არსებობს მხოლოდ ერთი ასლი, რომელიც ბაქტერიის ზედაპირში შედის, შემდეგ კი მას სხვა ასლები მიჰყვებიან უფრო ჩქარა.
იმუნური სისტემის მოქმედების ნანომეტრულ რეზოლუციზე წამში რამდენიმე კადრის გადასაღებად ატომური ძალის მიკროსკოპი გამოიყენეს. ამ სახის მიკროსკოპი ულტრათხელ ნემსს იყენებს.
მომზადებულია ucl.ac.uk-ის მიხედვით.