როგორ იბადებიან ვარსკვლავები ქამელეონის ღრუბელში, ჩვენგან არც ისე შორს
როგორ იბადებიან ვარსკვლავები ქამელეონის ღრუბელში, ჩვენგან არც ისე შორს

ეს ღრმა ინფრაწითელი ფოტო გადაღებულია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ჰერშელის კოსმოსური ტელესკოპის მიერ. ასახავს ვარსკვლავების წარმოქმნის აქტიურ კვანძ ქამელეონ I-ს. მდებარეობს დედამიწიდან 550 სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის ცის ქამელეონის თანავარსკვლავედში და არის ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონი, სადაც ვარსკვლავები იბადებიან.

2009 წელს გაშვებული ჰერშელის ტელესკოპი, ღრმა ინფრაწითელ და სუბმილიმეტრულ ტალღის სიგრძეებში ცას 2013 წლამდე აკვირდებოდა. ტელესკოპი ზედმეტად მგრძნობიარე იყო ვარსკვლავთწარმომქმნელი გაზის ღრუბლებში შერეული ცივი მტვრის პატარა ფრაქციების მიერ გამოყოფილი სითბოსადმი. შედეგად, უზრუნველგვყო იმ ვარსკვლავთშორისი მასალების უპრეცედენტო ხედებით, რომლებიც ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომშია გავრცელებული.

ექსტრაორდინარული სკანირებების შედეგად, ჰერშელმა მთელი გალაქტიკის მასშტაბით აღმოაჩინა ვრცელი და ერთმანეთში გადახლართული ძაფისებრი სტრუქტურები (ფილამენტები) და დაადასტურა, რომ ფილამენტები საკვანძო ელემენტებია ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესში.

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავთშორის მატერიაში გაზის ტურბულენტური მოძრაობების შედეგად ძაფისებრი აბლაბუდა ჩნდება, პროცესი გრავიტაციის ხელში გადადის, მაგრამ მხოლოდ ყველაზე მკვრივ ფილამენტებში, რომლებიც არასტაბილურნი ხდებიან და იშლებიან კომპაქტურ ობიექტებად — ეს უკვე მომავალ ვარსკვლავთა ჩანასახებია.

გამონაკლისი არც ქამელეონ I-ია; მასში არსებული რამდენიმე წაგრძელებული სტრუქტურა თავის საკუთარ გზას ჰპოვებს ღრუბელში. ვარსკვლავთწარმომქმნელ აქტივობათა უმეტესობა მიმდინარეობს ფილამენტების შერწყმის ადგილას — ფოტოს ზედა მარჯვენა კაშკაშა ზონასა და ცენტრის მარცხენა უფრო ვრცელ რეგიონში, სადაც ახლად დაბადებული ვარსკვლავები გიზგიზებენ და აცხელებენ შემოგარენში არსებულ მატერიას.

მსგავს ფოტოთა ანალიზის შედეგად, 2 მილიონი წლის ასაკის ამ ღრუბელში ასტრონომებმა გამოავლინეს 200-ზე მეტი ახლად დაბადებული ვარსკვლავი. მათი უმეტესობა ჯერ კიდევ გარშემორტყმულია ფორმაციის პროცესის შედეგად დატოვებული ნარჩენების დისკით, რომელიც მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს და დასაბამი მისცეს პლანეტებს.

შედარებითი სიახლოვის წყალობით, ქამელეონ I იდეალური ლაბორატორიაა პროტოპლანეტური დისკებისა და მათი მახასიათებლების შესასწავლად; რა თქმა უნდა, ჰერშელის მონაცემების გამოყენებით.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით