როგორ გაიყვეს ოქროს მედალი იტალიელმა და კატარელმა სიმაღლეზე მხტომელებმა - იტალია ოლიმპიურ თამაშებზე [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიას დიდი და საინტერესო ოლიმპიური ისტორია აქვს. ამ ქვეყანამ 1960 წელს ოლიმპიადას უმასპინძლა, სადაც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა 13 ოქროს მედლით. იყო სხვა დასამახსოვრებელი მოგონებებიც, მაგალითად, 14 ოქრო ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე, 13 ოქრო ატლანტის 1996-სა და სიდნეის 2000-ის თამაშებზე.
ტოკიოს ოლიმპიადაზე „აძურიმ“ ისტორია გაიხსენა და საუკეთესო ნაკრებებს შორის ადგილი გაიმყარა. იტალია ძლიერია ფარიკაობაში, ასევე აქვს ველორბოლის ხანგრძლივი ტრადიცია, ტოკიოში კი სწორედ ეს დისციპლინები აღმოჩნდა წარმატების მომტანი.
საზიარო ოქრო
რიოში იტალიელი მძლეოსნები პოდიუმზეც ვერ ავიდნენ, ტოკიოში შეცდომები გამოასწორეს და 5 ოქროს მედალი მოიპოვეს. გამოსარჩევი იყო სპრინტერი მარსელ ჯეიკობსის ასპარეზობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მამაკაცი გახდა.
ჯეიკობსი ამ სპორტში ახალწვეული იყო. 2018 წელს ის სიგრძეზე ხტომაში ასპარეზობდა, 3 წლის შემდეგ კი ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.
„აძურის“ ოქროს მედლები მოუტანეს მასიმო სტანომ და ანტონელა პალმისანომ 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში.
სიმაღლეზე ხტომაში დრამატული ფინალი გაიმართა, რომელშიც ორმა სპორტსმენმა გაიყვეს ოქროს მედალი. იტალიელი ჯანმარკო ტამბერი კატარელ მურტაზ ესასთან შეთანხმდა, რომ, ბოლო ნახტომების შესრულების ნაცვლად, ოქროს მედალი გაეყოთ.
ჯანმარკო ტამბერი: „მსაჯი ჩვენთან მოვიდა და გვკითხა, ვიცოდით თუ არა ბოლო ნახტომის წესის შესახებ? ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს შევხედეთ და ისე ჩავეხუტეთ, არაფერი გვითქვამს. ალბათ ოქროს მედალს სხვასთან არავისთან გავიყოფდი. ჩვენ ვიყავით სპორტსმენები, ვისაც ყველაზე მძიმე ტრავმის გადატანა მოუწიათ. ვიცი, რამდენი იშრომა მან დასაბრუნებლად და მანაც იგივე იცის ჩემზე. ამ ემოციებს ვერ დაივიწყებ. ჩვენ ოქროს მედალზე ვოცნებობდით და ამისთვის მთელი ცხოვრება გავწირეთ. ეს გასაოცარი გრძნობა იყო, მეგობართან გაზიარებამ კი კიდევ უფრო ლამაზი გახადა“.
ლეგენდარული იტალიელები
იტალიამ ქვეყნის ისტორიაში ერთ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი მედალი ტოკიოში მოაგროვა. მათ 40 მედალი აიღეს – 10 ოქრო, 10 ვერცხლი და 20 ბრინჯაო. აქამდე რეკორდი ლოს ანჯელესის 1932 წლისა და რომის 1960 წლის ოლიმპიადებზე მოპოვებული 36 მედალი იყო. პარიზის თამაშების წინ იტალია კიდევ ბევრ მედალს უმიზნებს. ჯეიკობსი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე 100 მეტრზე რბენაში ჩემპიონი გახდა. ოლიმპიადაზე ტაეკვანდოში ოქროს მედლის დაცვას ეცდება მამაკაცი ვიტო დელაკილაც.
ზაფხულის თამაშებზე იტალია მედლების რაოდენობით მე-7 ადგილს იკავებს. მათ კრივში 48 მედალი აქვთ მოპოვებული, მათ შორის 15 ოქრო.
16 ოქროს მედალი სროლაში იტალიას ერთ-ერთ წარმატებულ ნაკრებად აქცევს. რიოს ოლიმპიადა განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, სადაც იტალიელებმა 4 ოქრო და 3 ვერცხლი აიღეს.
2016 წელს იტალიამ მძლეოსნობაში ერთი მედალიც ვერ მოიპოვა, ტოკიოში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სპრინტერი მარსელ ჯეიკობსი 100 მეტრზე რბენაში პირველი იტალიელი ჩემპიონი გახდა, ჯამში კი, ქვეყანამ 5 მედალი აიღო.
„აძური“ ველორბოლაში 1950-60-იანი წლებიდან გამორჩეულია, თუმცა ბოლო შეჯიბრებებზე მედლების სიუხვით ვერ გამოირჩა. ტოკიოს თამაშზე იტალიამ რომის 1960 წლის ოლიმპიადის შემდეგ პირველად მოიგო გუნდური შეჯიბრება. იტალიას ყველაზე დიდი წარმატება 49 მედლით ფარიკაობამ მოუტანა. გასული საუკუნიდან მოყოლებული იტალიას პოდიუმზე ხშირად ჰყავდა თავისი წარმომადგენელი. ყველაზე წარმატებული მოფარიკავე ედუარდო მანიაროტია, რომელსაც 13 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, საიდანაც 6 უმაღლესი სინჯისაა.
უყურეთ ოლიმპიადის გზამკვლევს საქართველოს პირველ არხზე.