აშშ-ში ქრისტეშობა გრანდიოზულად აღნიშნეს. ახლა ქვეყანაში საახალწლო სამზადისია. ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში საახალწლო განწყობა შექმნილია, მორთულია ქალაქი და ნაძვის ხეც ანთებულია.
შობისა და ახალი წლისთვის მზადება შეერთებულ შტატებში ერთი თვით ადრე – ნოემბრის ბოლოდან იწყება. აშშ-ში შობა ზეიმს, წვეულებას, საჩუქრებს და სურვილების ახდენას უკავშირდება.
შობისთვის მზადებას ამერიკელები ნაძვის ხის დადგმით და სახლისა და ეზოების ფერად-ფერადი ნათურებით მორთვით იწყებენ. ტრადიციად იქცა საშობაო საჩუქრები, რასაც ამერიკელი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, ამიტომ დეკემბერში სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს უამრავი ადამიანი სტუმრობს და ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საშობაო საჩუქრებს იძენს.
შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში ასევე ტრადიციად არის ქცეული ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის ანთება. ამ მხრივ, პირველობას დღემდე არ თმობს ნიუ იორკის ნაძვის ხე, რომელიც მანჰეტენზე როკფელერის სახელობის ცენტრში ყოველწლიურად იდგმება. ნიუ იორკის ნაძვის ხის სიმაღლე ძირთადად 30 მეტრამდეა და სხვადასხვა ფერი ნათურებით და საშობაო სათამაშოებით არის მორთული. ნაძვის კენწეროს კი სვაროვსკის ბროლის ულამაზესი ვარსკვლავი ამშვენებს.
ვიდეო: “ამერიკის ხმა”