ლეგალური დასაქმება გერმანიაში - რა პერსპექტივა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს
ლეგალური დასაქმება გერმანიაში - რა პერსპექტივა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს

გერმანიის „დიდი კოალიცია“ საიმიგრაციო კანონმდებლობაზე შეთანხმდა. როგორც ყველაზე გავლენიანი გერმანული პარტიების მიერ ერთობლივად შემუშავებული შვიდგვერდიანი განცხადებიდან ჩანს, გერმანია, კლასიკური გაგებით, იმიგრანტების ქვეყნად გადაიქცევა.

საქმე ეხება დისკუსიას, რომელიც გერმანიაში უკვე 25 წელია გრძელდება – შრომითი მიგრაციის ლეგალიზაცია.

ამ საკითხზე მოლაპარაკებები გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში 2 ოქტომბერს გვიან ღამით გაიმართა. როგორც შეთანხმებიდან ჩანს, გერმანიას სულ მალე ისეთივე საიმიგრაციო კანონმდებლობა ექნება, რომელიც უკვე წლებია აშშ-ს, კანადას, ახალ ზელანდიას და ავსტრალიას აქვს.

თემა იმდენად სერიოზულია, რომ „დიდი კოალიციის“ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟურნალისტებთან სასაუბროდ ერთდროულად სამი მინისტრი გავიდა. ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა, ეკონომიკის და შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროების ხელმძღვანელები.

 

კვალიფიციური კადრების დეფიციტი

გერმანიის ეკონომიკას დღეს არ უჭირს. რამდენიმე რეგიონში დასაქმება 100%-იან ნიშნულს უახლოვდება. თუმცა, როგორც გერმანიის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი, ქვეყნის ეკონომიკის მომავლისთვის „გადამწყვეტი მნიშვნელობა  კვალიფიციური კადრების ბაზის გაფართოებას ექნება“.

 „კვალიფიციური კადრების დეფიციტი – ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც გერმანიაში საწარმოებს აწუხებთ და ეს პრობლემა შრომით ბაზარზე წლიდან წლამდე უფრო მწვავედ დადგება“.

ჰორსტ ზეეჰოფერი, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების დანაკლისის შევსება უკვე დასაქმებული გერმანელების კვალიფიკაციის ამაღლებით ან ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიდან ახალი კადრების მოზიდვით ვერ მოხერხდება.

საჭიროა, მიგრანტების მოზიდვა ე.წ. მესამე ქვეყნებიდან.

გერმანიის მთავრობის განმარტებით, საუბარია განათლებულ მიგრანტებზე, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ. სპეციალისტებს დღესაც აქვთ საშუალება დასაქმდნენ გერმანიაში, თუმცა ახალი კანონმდებლობით, ეს შანსი ყველა მიგრანტს გაუჩნდება.

უფრო კონკრეტულად, დღეს გერმანიაში სამსახურის დაწყების შესაძლებელობა აქვს:

კვალიფიციურ მიგრანტებს, რომელთა პროფესიაში კადრების დეფიციატია. მაგალითისთვის სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც მოხუცებზე მოვლა ევალებათ. ახალი კანონით, ყველა შეზღუდვა გაუქმდება.

პროფესიების ჩამონათვალი, სადაც კადრების დეფიციტია, სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება, რომლის ამოქმედებასაც მთავრობა სულ მალე გეგმავს.

გერმანიაში დასაქმების უმთავრესი მოთხოვნა კი უცვლელია. ეს არის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გერმანია აღიარებს.

თუმცა, მთავრობა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული პროფესიების სპეციალისტების მიღებაზე უარი თქვას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გერმანიის ეკონომიკის გარკვეულ სექტორში პრობლემები გაჩნდება და დღის წესრიგში თანამშრომლების შემცირების საკითხი დადგება.

მეორე სავალდებულო მოთხოვნა, რომელიც გერმანიის მთავრობას აქვს – გერმანული ენის ცოდნაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ლიტერატურული ენის შესწავლა.

 „ეს არ ნიშნავს, რომ მიგრანტებს გერმანისტის განათლება უნდა ჰქონდეთ. საუბარია ენის იმ დონეზე ცოდნაზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროფესიით უპრობლემოდ იმუშაონ. შესაბამისად, მზარეულმა სხვა ტერმინები უნდა იცოდეს, მძღოლმა – სხვა“.

ჰუბერტუს ჰაილი, გერმანიის შრომის მინისტრი

გერმანიის მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს გერმანული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას მიგრანტების მშობლიურ ქვეყნებში. კერძოდ, წინასწარი გეგმის მიხედვით, ასეთი კურსების გავლა შესაძლებელი იქნება გოეთეს ინსტიტუტის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ფილიალებში.

იდეალურ ვარიანტში გერმანიაში ჩასვლამდე მიგრანტს შრომითი ხელშეკრულება წინასწარ ექნება გაფორმებული. ეს სასურველია და არა სავალდებულო. გერმანიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვინც ჯერ სამსახურის ძიების პროცესშია. ასეთ მიგრანტებს დასაქმებისთვის ექვსთვიან ვადას მისცემენ. ამ ხნის განმავლობაში ასეთი პირი სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს და ხარჯების გაღება თავად მოუწევს.

 

პრობლემური საკითხები

ახალ კანონში რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. კერძოდ, შეუშვებენ თუ არა მიგრანტებს გერმანიაში, თუ მას გარკვეული თანხა არ ექნება. ეს ჯერ დაუდგენელია. მთავრობაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანის მიმართ სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ.

ბუნდოვანია კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის აღიარების საკითხიც. გერმანიაში ასეთი მოწმობის მიღებას თვეები, ხანდახან კი წლები სჭირდება. თუმცა, როგორც პრესკონფერენციაზე სამმა მინისტრმა განმარტა, პროცედურა დაჩქარდება და გაიოლდება. მთავრობა პირობას დებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება ბიუროკრატიის თავიდან აცილებას. თუმცა, დეტალები კანონზე მუშაობის დროს გახდება ცნობილი.

 „თუ მზარეული შეძლებს კვალიფიკაციის დადასტურებას დოკუმენტებით, მისი კვალიფიკაციის დადასტურება გერმანიაში შესაძლებელი იქნება პოსტ ფაქტუმ, ანუ მისი დასაქმების შემდეგაც“.

ჰუბერტუს ჰაილი – გერმანიის შრომის მინისტრი

კიდევ ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომლითაც გერმანიაში დასაქმების მსურველებს მიიღებენ, მიგრანტის ასაკი იქნება.

 

სტატისტიკური მონაცემები

2017 წელს გერმანიამ 11 ათასი შრომითი მიგრანტი მიიღო. ისინი გერმანიაში მოქმედი პროგრამის Blue Card-ის ბენეფიციარები არიან, რომელიც მაღალკვალიფიციურ უცხოელებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლას უადვილებს.

2017 წელს ყველაზე მეტი სპეციალისტი გერმანიაში ამ ქვეყნებიდან მიიღეს:

  1. ინდოეთი – 22,8%
  2. ჩინეთი – 9,3%
  3. რუსეთი – 6,5%
  4. უკრაინა – 4,4%
  5. სირია – 3,7%

Blue Card-ის მისაღებად მსურველმა გერმანიის საკონსულოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და გერმანულ კომპანიასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტი ან გარანტირებული დასაქმების  წინადადება უნდა წარადგინოს. წლიური ხელფასი, გადასახადების ჩათვლით, წელიწადში 52 000 ევროს უნდა შეადგენდეს. გამონაკლისია ის პროფესიები, სადაც კადრების მწვავე დეფიციტია. ამ შემთხვევაში სავალდებულო წლიური ხელფასი 40 ათასი ევროა.

2017 წელს ასეთ პროფესიებად ითვლებოდა პროგრამისტი, IT სპეციალისტი, ექიმი, მათემატიკოსი და ინჟინერი.

 

ხელფასები

ინჟინრის პროფესია გერმანიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ძირითადად ინჟინრებს ქიმიური და ავტომწარმოებელ ქარხნებში ასაქმებენ. ქიმიურ საწარმოში მომუშავე სპეციალისტის წლიური ანაზღაურება, გადასახადების ჩათვლით, 53 000 ევროა. ავტოინჟინრების საშუალო ხელფასი წელიწადში 51 ათას ევროს აღწევს. ინჟინრებს ყველაზე მაღალი შემოსავლის მიღება ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე შეუძლიათ.

IT სპეციალისტებს ყველაზე მეტს ჰესენში უხდიან. საწყისი ხელფასი წელიწადში 52 ათასი ევროა. თუმცა, ეს ანაზღაურება მხოლოდ იმ პროფესიონალებს აქვთ, ვინც საბანკო ან საავტომობილო წარმოების სფეროში დასაქმდება. საშუალოდ კი IT სპეციალისტები წელიწადში 44 ათას ევროს იღებენ.

გერმანიაში ექიმებს წელიწადში საშუალოდ 50 ათას ევროს უხდიან. თუმცა, ექიმად მუშაობისთვის უცხოელებს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.

მარკეტინგის სპეციალისტების ხელფასი გერმანიაში დამოკიდებულია მათ აკადემიურ ხარისხზე. მაგისტრებს, ბაკალავრებთან შედარებით, 20%-ით მეტს უხდიან. მარკეტინგის სპეციალისტებისთვის ყველაზე სარფიანი ავტოკონცერნებში დასაქმებაა. აქ მათ წელიწადში 53 ათას ევროს უხდიან.

ქიმიკოსებსა და ფიზიკოსებს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ საშუალოდ წელიწადში 50 ათას ევროს უხდიან. გეოგრაფებს კი  35 ათას ევროს.

პედაგოგის საწყისი ხელფასი გერმანიაში 37 ათასი ევროა. ამასთან, გერმანიაში ახლა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა და ტექნიკური საგნების პედაგოგების დეფიციტია. ამიტომ, ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიულია.

გაყიდვების სპეციალისტებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება გერმანიის ჩრდილოეთში აქვთ. საუბარია ელექტროტექნიკურ კონცერნებსა და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელ კომპანიებში დასაქმებულ პირებზე. მათი ხელფასი წელიწადში 52 ათასი ევროა.

ადამიანური რესურსების სპეციალისტები გერმანიაში წელიწადში საშუალოდ 42 ათას ევროს იღებენ. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი ხელფასი ენერგეტიკულ და საავტომობილო კომპანიებშია.

ფინანსისტებს ყველაზე მეტად ფრანკფურტში წყალობენ. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტები ამ ქალაქში წელიწადში 55 000 ევროს გამოიმუშავებენ.

აკადემიური ხარისხი გადამწყვეტია დისტრიბუტორებისა და ლოგისტიკის მენეჯერებისთვისაც. მაგისტრების წლიური საშუალო ანაზღაურება 48 ათასი ევროა.

ყველაზე დაბალი ხელფასები გერმანიაში სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებს და ტურისტული კომპანიების სპეციალისტებს აქვთ.

 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

სად იხდიან ყველაზე მეტს?

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გერმანიაში არის რამდენიმე ქალაქი, სადაც თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება და ამასთან, ბინის ქირაობა იაფია. კიოლნის IW ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი შანსი მიგრანტმა სასურველი და მაღალანაზღაურებადი სამსახური რომ იპოვოს, გერმანიის ჩრდილოეთსა და დასავლეთ ნაწილშია.

2018 წლის მეორე კვარტალში გერმანიაში ვაკანსიების რაოდენობა.

 

სად არის ყველაზე მაღალი ხელფასი?

გერმანიაში სამსახურის დასაწყებად მნიშვნელოვანია იმ ხარჯების გათვალისწინება,  რომლის გაღებაც მიგრანტს ბინის ქირისთვის მოუწევს. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი და კიოლნი, თავისუფალი ვაკანსიების პოვნა იოლია, მაგრამ შემოსავლების დიდი ნაწილი უძრავი ქონების დაქირავებაში იხარჯება.

თუმცა კვლევის ავტორებმა დაასახელეს რამდენიმე შედარებით პატარა ქალაქი, სადაც დასაქმებულის ხელფასისა და ბინის ქირის გადასახადის თანაფარდობა ყველაზე მისაღებია.

მათ შორის არის გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიურინგის მიწაზე მდებარე ქალაქი იენი. 2018 წლის მონაცემებით, ყოველ 100 უმუშევარზე 67 ვაკანსია მოდის. ამასთან, უძრავი ქონების დაქირავება გერმანიის საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, საკმაოდ დაბალია.

ანალოგიური სიტუაციაა ასევე გერმანიის დასავლეთში, რაინ-ვესტფალიის მიწაზე მდებარე ქალაქ იზერლონშიც, სადაც 100 უმუშევარზე 57 ვაკანსიაა, ხოლო უძრავი ქონების გადასახადი საშუალო სტანდარტის 78%-ს შეადგენს.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კი ვაკანსიების რაოდენობა უმუშევართა რიცხვს აჭარბებს კიდეც. ასეთია, მაგალითად, ნიდერლანდების საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი ნორდჰორნი. ამ დასახლებაში სულ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 100 უმუშევარზე 111 ვაკანსია მოდის. უძრავი ქონების ქირა საშუალო ღირებულების 78%-ს შეადგენს. ასეთივე სიტუაციაა ბადენ-ვიურტენბურგის მიწაზე, ქალაქ შვებიშ-ჰალში, სადაც მუშახელის დეფიციტია.

თუმცა, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ყველაზე მაღალი ხელფასი და იაფი უძრავი ქონება ბავარიის სხვადასხვა რაიონშია. მაგალითად, ქალაქი რეგენსბურგი, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტები. ამასთან, ყოველ 100 უმუშევარზე 101 ვაკანსია მოდის, ხოლო ბინის დაქირავება გერმანიის სხვა რაიონებთან შედარებით, ნახევარ ფასად შეიძლება.

კიოლნის ინსტიტუტის ინტერაქტიულ რუკაზე ჩანს, რომ მუშახელის დეფიციტი ბავარიის სხვა ქალაქებშიც თვალშისაცემია.

ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. როგორც მკვლევრები ამბობენ, მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების შესავსებად, გერმანიას 2060 წლამდე, ყოველწიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი მიგრანტის მიღება დასჭირდება.

გერმანიის კანცლერმა ახალ ინიციატივაზე ბუნდესტაგშიც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიები უცხოელ სპეციალისტებს უნდა დაეყრდნონ. მერკელის განცხადებით, მსხვილ კორპორაციებს მუშახელის სიმცირის გამო, გერმანიის დატოვება არ უნდა უწევდეთ.

საქართველოში ყოფნისას ანგელა მერკელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესახებ ისაუბრა. როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.