იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი უტევს, რასაც თან ახლავს გამანადგურებელი შედეგები. დახურულია ძირითადი საერთაშორისო აეროპორტები, შეჩერებულია მანქანების ექსპორტი.
მიუხედავად გზადაგზა დატოვებული არეულობისა, ტაიფუნმა „ჯებიმ“ თანდათან უკან დაიხია და ქარის სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე შემცირდა. იაპონიის ოფიციალური უწყებების ცნობით, დაღუპულია 11 და დაშავებულია 600 ადამიანი.
ტაიფუნმა ყველაზე მეტად ქალაქი ოსაკა დააზარალა. იქ მყოფი ერთ-ერთი ბრიტანელი ტურისტი ნატალი ლოვეტი Instagram-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს:„ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ქალაქს ტაიფუნმა გადაუარა. ქუჩებში ისევ ყრია დამტვრეული მანქანები და ნაშალი, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დიდი არაფერი, უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო“.
შენება გადარჩენისთვის
იაპონია მდებარეობს როგორც წყნაროკეანურ ტაიფუნის სარტყელში, ისე სეისმურ „ცეცხლოვან სარტყელში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ძალიან ხშირად თავს ატყდება ექსტრემალური ბუნებრივი კატაკლიზმები.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მე-20 საუკუნეში, მიწისძვრებმა, ცუნამებმა, ტაიფუნებმა თუ ვულკანურმა ამოფრქვევებმა მთლიანად გაანადგურეს იაპონიის ძირითადი ქალაქები, რომლებსაც საბოლოო ჯამში, არც არაფერი დასტყობია, უბრალოდ ხელახლა ააშენეს.
ამ ყველაფერს იაპონია სამომავლო მოვლენებისთვის არსებული გეგმებითა და მომზადებით ახერხებს. უდიდესი ინვესტიციები იდება ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაში.
„იაპონია მსოფლიოში უდავო ლიდერია საგანგებო სიტუაციებისათვის მზადებისა და მათზე პასუხის თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ითქვას ინფრასტრუქტურაზე. მშენებლობისას ხდება მათი საიმედოობის უზრუნველყოფა“, — აღნიშნავს მსოფლიო ბანკის ბუნებრივ კატაკლიზმთა რისკების მართვის ექსპერტი მარკ ფორნი.
სანაპირო ქალაქებში, მაგალითად ოსაკაში, გზები და საზოგადოებრივი შენობები ისეა დაპროექტებული, რომ ჭარბმა წყალმა და ნალექმა უკან ეფექტიანად დაიხიოს. გარდა ამისა, თანამედროვე სანაპირო თავდაცვითი ნაგებობები შტორმის ტალღისგან წამოსულ რისკებს ამცირებს.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მკაცრად რეგულირდება კერძო ნაგებობათა მშენებლობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ძირითად ანგარიშს ბუნებრივ კატაკლიზმთა რისკს უწევენ.
ფორნის თქმით, მშენებლობის სტანდარტი და ამ სტანდარტის გაძლიერება იაპონიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, აყვანილია სუპერთანამედროვე დონეზე.
წინდახედულობა ადრეული წლებიდან
1923 წლის 1-ელ სექტემბერს, კუნძულ ჰონსიუზე, კანტოს ველზე, 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწასთან გასწორდა ახლომდებარე ქალაქები — ტოკიო და იოკოჰამა. დაიღუპა 100 000-ზე მეტი ადამიანი. შედეგები იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ ხელისუფლება დედაქალაქის სხვაგან გადატანაზეც კი ფიქრობდა.
ეს დღე, 1-ლი სექტემბერი, ამჟამად იაპონიაში ბუნებრივ კატაკლიზმთა ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული. მოსწავლეები სპეციალურ წვრთნებს გადიან, რომლის ფარგლებშიც ასწავლიან, როგორ მოიქცნენ ბუნებრივი კატასტროფებისას; გარდა ამისა, ბავშვებს ასევე ასწავლიან ქვეყნის ბუნებრივ კატაკლიზმთა ისტორიას.
ფორნის განცხადებით, იაპონიის მთელ მოსახლეობაში არსებობს ცნობიერება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ გარდაუვალი კატასტროფის დროს.
„განათლების სისტემის გზით მოქმედების შედეგად, იაპონელ სტუდენტთა იდენტობის ნაწილს წარმოადგენს ბუნებრივ კატაკლიზმებთან შეპასუხების ცოდნა. ყველა წვრთნა და ვარჯიში მიმართულია ასეთ მოვლენებზე აუცილებლად საჭირო, ძლიერი პასუხებისაკენ“, — აღიშნავს ფორნი.
ტაიფუნ „ჯების“ დარტყმამდე, იაპონიამ 1,2 მილიონზე მეტი საევაკუაციო შეტყობინება დაგზავნა, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა სავალდებულო. მიუხედავად ამისა, იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NHK-თან საუბრისას, უმეტესი მათგანი აღნიშნავდა, რომ მთავრობის მითითების შესრულებას აპირებდა.
გაკვეთილი სხვებისთვის
გარდა საზოგადოების ცნობიერებისა და მშენებლობის სტანდარტებისა, იაპონიის ხელისუფლება მთელ მსოფლიოს აჩვენებს სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების ერთობლივი მუშაობის მაგალითს ბუნებრივი კატაკლიზმების დროს.
გარდა ამისა, მთავრობა დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს კერძო სექტორთან თანამშრომლობაში. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ქარის პირველი ტალღა დაარტყამს ან პირველი წვეთი ჩამოვარდება, კერძო კომპანიებმა უკვე იციან თავიანთ პასუხისმგებლობა.
„ნამდვილად დიდი ინსტიტუციური სიძლიერე, დრო და ძალისხმევაა საჭირო, რათა შეძლო ამ ტიპის შეთანხმებათა მთელი კონტინგენტის გაფორმება და კონცენტრირდე ამ ყოველივეზე, როგორც ეროვნულ პრიორიტეტზე“, — ამბობს მსოფლიო ბანკის ბუნებრივ კატაკლიზმთა რისკების მართვის ექსპერტი მარკ ფორნი.
იმ შემთხვევაში, თუ „ჯების“ მასშტაბის ტაიფუნი მსოფლიოს სხვა ნებისმიერ სანაპირო ზოლს დაარტყამდა, ალბათ არ იქნება გასაკვირი, რომ შედეგები იქ გაცილებით მძიმე იქნებოდა.
ფორნის თქმით, ინჟინერიაში ინვესტირების გზითა და სამშენებლო სტანდარტების გაძლიერებით, იაპონია თვალნათლივ აჩვენებს, რომ ბუნებრივი კატაკლიზმებიდან მომდინარე საფრთხეების შემცირება მართლაც შესაძლებელია.
მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.