როდის დაბრუნდება საქართველოს პირველი არხის ეთერში სერიალი „იდეალური დედა“

საქართველოს პირველ არხზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის, „იდეალური დედის“ პირველი სეზონი დასრულდა. სერიალის მთავარი პერსონაჟი მაკა მიმინოშვილი მაყურებელს ბოლო ვიდეოდღიურით დაემშვიდობა და დაჰპირდა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად დაბრუნდება.

„შემოდგომაზე აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ჩემი ვიდეოდღიურები გაცილებით უფრო გრძელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. მანამდე, ზაფხულში დროდადრო აუცილებლად შეგეხმიანებით“, – ამბობს სერიალის მთავარი გმირი.

„იდეალური დედა“ საქართველოს პირველ არხზე 4 მარტს დაიწყო. სერიალი მოგვითხრობს ორი შვილის დედა მაკა მიმინოშვილზე, რომელიც არის სიმბოლო ყველა იმ ქალის, ვისაც აქვს განცდა, რომ დროს თანაბრად ვერ ანაწილებს ოჯახს, სამსახურსა და მეგობრებს შორის. მაკას ჰყავს მეუღლე ზაზა, რომელმაც სეზონის ბოლო სერიებში მაყურებელი ძალიან ანერვიულა.  რამდენად აფასებს ის მაკას, როგორც იდეალურ დედასა და ქალს – ეს არის კითხვა, რომელიც სერიალის პირველმა სეზონმა დატოვა. მთავარ ინტრიგად რჩება, ღალატობს თუ არა ზაზა ცოლს და სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ელოდებიან მაკას გულშემატკივრები მომდევნო სეზონში.

„იდეალური დედის“ მეორე სეზონის დასაწყისშივე მთავარ კითხვას პასუხი არ გაეცემა და როგორც სერიალის სცენარისტები ამბობენ, მაყურებელი ცოტას ინერვიულებს. უღალატებს თუ არა ზაზა მაკას, ეს ჯერ უცნობია, რადგან როგორც სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი ქეთი ელიეშვილი აცხადებს, არავინ იცის, ზაზას თავში რა მოუვა.

„კაცმა არ იცის, კაცს თავში რა მოუვა, ამიტომ ჩვენც არ ვიცით, უღალატებს თუ არა ცოლს. ასევე უნდა ითქვას, ხომ შეიძლება, უკეთეს სიურპრიზს მაკასგანაც ველოდოთ“, – ამბობს ქეთი ელიეშვილი.

„იდეალური დედის“ რეიტინგი პირველიდან ბოლო სერიამდე სწრაფად იზრდებოდა. ამას ადასტურებს რეიტინგები სოციალურ ქსელებში – სერიალის პირველი სეზონის ვიდეოებს ფეისბუქზე ჯამში აქვს 5 მილიონ 547 ათას 225 ნახვა, ხოლო „იუთუბზე“ – 5 მილიონ 600 ათასზე მეტი. ფეისბუქზე „იდეალური დედის“ გვერდს ჰყავს 70 000 აქტიური გამომწერი, აქვს უამრავი კომენტარი, რეაქციები პოსტებზე და პირადი შეტყობინებები, სადაც მთავარ გმირს გულწრფელად გულშემატკივრობს მაყურებელი და პირადი გამოცდილებიდან რჩევებსაც აძლევს.

 

სერიალის ახალ სეზონში მაყურებელს უფრო ხანგრძლივი სერიები ელოდება. გარდა ამისა, „იდეალური დედის“ სცენარისტები გვპირდებიან, რომ მეორე სეზონი ახალი და საინტერესო პერსონაჟებით დაბრუნდება. მანამდე კი გეტყვით, რომ სოციალურ ქსელში გამოხმაურებების მიხედვით, პირველი სეზონის ყველაზე საყვარელი პერსონაჟის ტიტული თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ მაკას მეგობარ ტასოს.

გაბურძგნული ვახო

😡👊 გაბურძგნული და გაქუცული ვახო! #ელენე #ტასო #ნათია გვიყურეთ დღეს 👉 პირველ არხზე 🕤 20:45 საათი #იდეალურიდედა

Posted by იდეალური დედა • მაკა მიმინოშვილი on პარასკევი, 10 მაისი, 2019

ტასო

🙃 როდესაც მეგობარი პაემანზე მიდის და ვალდებულია, ყოველი მოქმედება მეგობრებს იმ წამსვე მოახსენოს 😁 #ტასო#იდეალურიდედა

Posted by იდეალური დედა • მაკა მიმინოშვილი on კვირა, 07 აპრილი, 2019

 

„იდეალური დედის“ მეორე სეზონის ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მთავარმა პერსონაჟმა ვიდეოდღიურში აღნიშნა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად დაბრუნდება და მაყურებელს დაჰპირდა, რომ მანამდე, ზაფხულში დროდადრო აუცილებლად შეეხმიანება.