1606 წელი იდგა. ევროპაში „აღმოჩენების ეპოქა“ სუფევდა. ზღვის გადაღმა ახალი მიწების აღმოჩენაში ძლიერი ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. უკვე გაკვალული იყო გზები ინდოეთის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისკენ. ამ ციებ-ცხელებაში, 1606 წლის 26 თებერვალს, ჰოლანდიელი მეზღვაური ვილემ იანსონი ავსტრალიის ნაპირს მიადგა და პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ამ კონტინენტს მიაღწია.
პირველი ვიზიტისას, იანსონი ავსტრალიაში ცოტა ხნით დარჩა; იმ დროისთვის ეს მიწა მეჩხრად იყო დასახლებული აბორიგენებით. კონტინენტის ვრცელი, მშრალი ლანდშაფტი მაშინ დიდად არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუ არ ჩავთვლით ერთ დიდ გამონაკლისს — აქლემებს. ეს კუზიანი არსებები კონტინენტზე მაშინ არ არსებობდნენ.
თუმცა დღეს, 2020 წელს, ავსტრალიაში ბინადრობს გარეულ აქლემთა მსოფლიოში უდიდესი პოპულაცია, დაახლოებით 300 000 სული. პოპულაცია ავსტრალიის კონტინენტური ნაწილის 37 პროცენტზე ვრცელდება. როგორც უცხო, შეჭრილი სახეობა, ავსტრალიამ აქლემები საფრთხედ გამოაცხადა და დაადგინა, რომ გადაუდებლად უნდა აღიკვეთოს მათი გავრცელება.
პოპულაციის კონტროლის ყველაზე გამოყენებადი მეთოდია ვერტმფრენებიდან სნაიპერების მიერ ათასობით აქლემის დახოცვა.
2012 წლის მონაცემებით, ავსტრალია წელიწადში დაახლოებით 75 000 აქლემს ხოცავდა.
2020 წლის 8 იანვარს, ავსტრალიის ხელისუფლებამ დაიწყო ხუთდღიანი ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო ათასობით გარეული აქლემის დახოცვა ვერტმფრენებიდან. ზუსტი ციფრები უცნობია, მაგრამ მედიის ცნობით, ამ პერიოდში უნდა მოხდეს სავარაუდოდ 5-10 ათასი აქლემის მოკვლა.
ოპერაციამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა. ბევრმა ის არაჰუმანურად ჩათვალა.
საინტერესოა, საიდან და როგორ მოხვდნენ აქლემები ავსტრალიაში? როგორ შეიძლება აიხსნას პოპულაციის ასე სწრაფი და მასშტაბური ზრდა?
იანსონის პირველი ვიზიტიდან 230 წლის განმავლობაში, კონტინენტზე აქლემები კვლავ არ არსებობდნენ. მიზეზი მარტივია — აქლემი ავსტრალიის მკვიდრი არ არის. კონტინენტზე ისინი კოლონიზატორებმა შეიყვანეს კოლონიური საჭიროებების შესავსებად.
მე-19 საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელებს ავსტრალიის ვრცელი შიდა რეგიონების შესწავლა სურდათ. უხეში რელიეფისა და მშრალი გარემოს გამო, მათი ცხენები ამისათვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
1836 წელს, ახალი სამხრეთ უელსის კოლონიური მთავრობა ინდოეთიდან აქლემების შეყვანის შესაძლებლობით დაინტერესდა. ავსტრალიის მიწაზე პირველი აქლემი 1840 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, მაგრამ არა ინდოეთიდან.
ეს გახლდათ ცაკლუზა დრომადერი (Camelus dromedarius). ექვსი ასეთი აქლემი კოლონიურ მთავრობას კანარის კუნძულებიდან მიჰყავდა, მაგრამ გრძელ გზას გაუძლო და ავსტრალიამდე ჩააღწია მხოლოდ ერთმა აქლემმა, სახელად ჰარიმ.
ჰარიც უიღბლო აღმოჩნდა. გაწვრთნის დროს მან შემთხვევით მოკლა მწვრთნელი, რის გამო, ცხოველიც მოკლეს.
მიუხედავად ჰარის ბედისა, 1840 წლის დეკემბერში აქლემების იმპორტი გაგრძელდა, ავსტრალიაში ამჯერად დედალ-მამალი აქლემი ჩაიყვანეს. მათ შესახებ ჩანაწერები არ იძებნება. მომდევნო წელს ჩაიყვანეს კიდევ ორი აქლემი, შემდეგ წლებში კი კიდევ ბევრი.
ცხენებისგან განსხვავებით, აქლემები კარგად მოერგნენ ავსტრალიის მშრალ კლიმატს. მათზე მოთხოვნა დიდი იყო, რადგან ფრიად კარგად იყენებდნენ დიდ მანძილებზე გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისათვის კონტინენტის სიღრმეში. აქლემების უპირატესობა ისიც იყო, რომ მშრალ რეგიონებში მოგზაურობისას, მათ წყლის დალევა კვირების განმავლობაში არ სჭირდებოდათ.
შესაბამისად, აქლემები ათწლეულების განმავლობაში დარჩნენ შეუფასებელ ცხოველებად ავსტრალიის კოლონიურ მმართველთათვის. მათზე დამოკიდებულება იმდენად დიდი იყო, რომ 1907 წელს ბრიტანეთმა ინდოეთიდან, ავღანეთიდან და არაბული სამყაროს ქვეყნებიდან ავსტრალიაში შეიყვანა კიდევ 20 000 აქლემი.
სწორედ მაშინ, როცა აქლემებმა ამ შორეულ მიწაზე ახალი სამშობლო იპოვეს, მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარებაც დაიწყო. მე-20 საუკუნის გამთენიისას, დაიწყო მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომლებმაც რა თქმა უნდა, ავსტრალიაშიც შეაღწია.
1920-იანი წლებიდან ავსტრალიაში იწყება შინაურ აქლემთა პოპულაციის შემცირება, რადგან ხალხმა მანქანების გამოყენება და აქლემების მიტოვება დაიწყო. მომდევნო ათწლეულში, ავსტრალიაში შინაური აქლემი უკვე თითქმის აღარ დარჩა.
თავისუფლად გაშვების შემდეგ, აქლემები ველურები ხდებოდნენ და სწრაფად გამრავლებასაც იწყებდნენ.
1969 წელს, ველურ აქლემთა ოდენობა ავსტრალიაში 15-20 ათას სულს აღწევდა, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, ეს რაოდენობა გაორმაგდა. 1988 წლის შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით 43 000 გარეული აქლემი ბინადრობდა.
2001-2008 წლებში ველურ აქლემთა რაოდენობამ ავსტრალიაში 600 000-ს მიაღწია. ველური ბუნების ექსპერტები ავსტრალიის ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ პოპულაციის უკონტროლოდ ზრდის შემთხვევაში, 8-10 წელიწადში ეს რიცხვი გაორმაგდებოდა.
მალევე, ავსტრალიის მთავრობამ დაამტკიცა ეროვნული სამოქმედო გეგმა ველურ აქლემთა მიმართ, რასაც მასობრივი ხოცვის ოპერაციები მოჰყვა. 2013 წლისთვის, აქლემების რაოდენობა 300 000-მდე შემცირდა.
დღეისათვის, ველური აქლემები გავრცელებული არიან დასავლეთ და სამხრეთ ავსტრალიაში, კვინზლენდის შტატსა და ჩრდილოეთის ტერიტორიაზე, ჯამში 3,3 მლნ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე.
180 წლის განმავლობაში, აქლემებმა ავსტრალიაში მართლაც გრძელი და სევდიანი გზა განვლეს — უკიდურესად სასარგებლო ცხოველობიდან ველურ „მავნებლებამდე“.