როდ როზენშტაინს, რომელსაც სავარაუდოდ დონალდ ტრამპის ფარულად ჩაწერა სურდა, თანამდებობიდან გადააყენებენ
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფარული ჩაწერის ინიციატივით გამოდიოდა, სავარაუდოდ გადააყენებენ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, როდ როზენშტაინმა ნებაყოფლობით გადადგომაზე უარი თქვა და მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
როდ როზენშტაინი რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას ზედამხედველობდა. თუ ის თანამდებობას დატოვებს, ამ მოვალეობას იუსტიციის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსანი შეასრულებს.
მანამდე „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ როზენშტაინი განიხილავდა ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა გადაბირებას, რათა აემოქმედებინა აშშ-ის კონსტიტუციის ის მუხლი, რომელის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას იძლევა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს ტრამპის ფარული მიყურადება და ჩაწერა სურდა, რათა საზოგადოებას თეთრ სახლში არსებული „ქაოსი“ ენახა.
თავად როზენშტაინი ამ ბრალდებას უარყოფს, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მაღალჩინოსნის ეს განცხადება „ხუმრობა“ იყო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ენდრიუ მაკაბემ განაცხადა, რომ თუ როზენშტაინს გადააყენებენ, მაშინ რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამოძიებას საფრთხე დაემუქრება.