რობოტი „პეპერი“ ქართველ მედიკოსებს ინტენსიური მოვლის განყოფილებებში ასისტენტის სახით დაეხმარება [ვიდეო]
ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის ბოლოს საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეს რობოტი „პეპერი“, რომელიც ქართველ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, რობოტი გამოიყენება ინტენსიური მოვლის განყოფილებებში ასისტენტის სახით.
„პეპერი ნამდვილად გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას ჯერ სრულყოფილად ვერ ფლობს. ასევე, ჩვენ ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენც და „პეპერი“ უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს ალბათ კიდევ შევხვდებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.