რობინ დანიგენი - საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატო-სთან, დასავლეთთან, პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას
მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.
„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად. მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატო-სთან, დასავლეთთან. პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას“, – განაცხადა რობინ დანიგენმა.
მისივე თქმით, მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოსთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
„მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგანენ და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის“, – აღნიშნა რობინ დანიგენმა.