რობინ დანიგანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუმეორე მზადყოფნა, გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა
ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ, რომელიც, იმედია, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ კვირაში მქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ურთიერთობები ჩემს პირველ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან პირველად. კიდევ ერთხელ გავუმეორე პრემიერ-მინისტრს მზადყოფნა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ჩვენ ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის შუა დერეფნის მხარდაჭერა, აგრეთვე ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი ურთიერთობების გამყარება და ჩვენი კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა“, – აღნიშნა დანიგანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
„საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. მზად ვართ, შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ ცხრა პირობა, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოების ყველა სფეროსა და ასპექტს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში, იქ ვისაუბრე საქართველოს კანდიდატობაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია, აშშ-ს გააკეთოს, რათა უკეთ დაგეხმაროთ ამაში; რამხელა და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მხარდაჭერა, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი თქვენი მიზნის მისაღწევად. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რათა განმეხილა ხელმძღვანელ პირებთან საქართველოს მისწრაფებები, მხარი დამეჭირა; ასევე, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებისთვისაც, ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ წელს, რომელიც, იმედია, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აგრეთვე, ვისაუბრეთ არჩევნებზეც და დარწმუნებული ვარ, თქვენც იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე, ყველა თქვენგანი – პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, საზოგადოება და, განსაკუთრებით, ცესკო, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს: მათი ხმები იქნება სათანადოდ, სამართლიანად, გამჭვირვალედ დათვლილი და პროცესიც იქნება მთლიანად სამართლიანი და გამჭვირვალე“, – განაცხადა დანიგანმა.