რობინ დანიგანი - მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის
რობინ დანიგანი - მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის

მოხარული ვარ, რომ ვესწრები პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით მიმდინარე ფორუმს, ჩვენ გვაქვს ძლიერი მონაწილეობა აშშ-ის მხრიდან, ჩვენი კომპანიების და ჩვენი საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან. ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, როდესაც ვმუშაობდი საქართველოსთან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის განხორციელების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ქვეყნების კერძო სექტორის და საჯარო სექტორის შეკრებისთვის ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად.

„ძალიან კარგია აქ დაბრუნება და იმის დანახვა, რასაც საქართველომ მიაღწია შუა დერეფნის განვითარებაში, რაც გაკეთდა გზებთან, რკინიგზებთან და პორტებთან დაკავშირებით. აშშ და მისი კომპანიები აქ არიან ამ განვითარების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და მასში მონაწილეობისთვის, რადგან ჩვენ ვიცით შუა დერეფნის და მასში საქართველოს როლის ჭეშმარიტი ღირებულება. როგორც ელჩი, მე სრულად ვუჭერ მხარს შუა დერეფანს. ვფიქრობ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ქვეყნების კერძო სექტორის და საჯარო სექტორის შეკრებისთვის ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ამის განხორციელება შეუძლებელია კერძო სექტორის და საჯარო სექტორის თანამშრომლობის გარეშე. მე მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს არის „დაკავშირებადობა“.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.