რობინ დანიგანი - დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის, ტექნოლოგიური მიმართულებით
სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
ელჩი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.
„ჩემთვის დიდ პატივია, ვიმყოფებოდე თქვენს გარემოცვაში. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს აქ შეკრებილი. Მე სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით.
დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის, ტექნოლოგიური მიმართულებით. ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. არის სხვადასხვა მიმართულება პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების გააზრება, იდენტიფიცირება“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით.
„საქართველოს წარმომადგენლობა ახლახან დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას. ასევე, სამინისტროს წარმომადგენლები კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება. პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, მოხდეს გარკვეული ინოვაციების დანერგვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტებული მიდგომაა. ასევე არის გამოფენა, ჩვენთან ახალა ეს არის კიდევ ერთი ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე, გაყიდვებისა და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება.
ეს კონფერენცია დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, რათა კვლავაც აღვნიშნოთ გამოწვევები, რომლებიც არსებობს და აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩატარდა. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე, მის უფლებებზე ორიენტებული. ეს კონფერენცია წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ელჩმა.