რობინ დანიგანი - ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც მოვდიოდი საქართველოში
მინდა, დავიწყო ჩემი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებით, პრეზიდენტი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმაონ.
„ვიმუშავებთ, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა მან, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი უკვე არსებული კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ამის მზაობა და შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა დანიგანმა.