რობერტა მეცოლამ ევროპარლამენთან შეკრებილ ფერმერებს მიმართა - ჩვენ გვესმის თქვენი, თუ გინდათ, რომ თქვენი ხმა ისმოდეს, გაგვაგონეთ ივნისშიც, როცა მონაწილეობას მიიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში
რობერტა მეცოლამ ევროპარლამენთან შეკრებილ ფერმერებს მიმართა - ჩვენ გვესმის თქვენი, თუ გინდათ, რომ თქვენი ხმა ისმოდეს, გაგვაგონეთ ივნისშიც, როცა მონაწილეობას მიიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში

უკრაინა ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღება დღეს და ეს 27 ქვეყნისგან უნდა მოხდეს, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს ლეგიტიმაციაზე, ჩვენს სანდოობასა და პროგნოზირებადობაზე, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

როგორც მეცოლამ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყების წინ განაცხადა, ევროკავშირში სურთ, რომ მალე მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინასთან დაკავშირებით.

ასევე, მეცოლამ ევროპარლამენტის წინ შეკრებილ ფერმერებსაც მიმართა.

„ვეტყვი ფერმერებსაც, რომლებიც გარეთ არიან, ჩვენ გხედავთ და გვესმის თქვენი, თუ გინდათ, რომ თქვენი ხმა ისმოდეს, გაგვაგონეთ თქვენი ხმა ივნისშიც, როდესაც მონაწილეობას მიიღებთ ევროპული პარლამენტის არჩევნებში. რაც შეეხება შუა აღმოსავლეთს, ევროპული პარლამენტი იყო პირველი ინსტიტუცია, რომელმაც ღაზაში პერმანენტული ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის დაბრუნების შესახებ განაცხადა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლია რეგიონში. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა გავაგზავნოთ ყველაზე მკაფიო სიგნალი, რომ ვიცით, უკრაინას სჭირდება 50 მილიარდი ევრო, რათა განაგრძოს ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვართ. ის, რაც გვჭირდება, არის გადაწყვეტილების მიღება დღეს, რადგან უკრაინას ფული სჭირდებოდა გუშინ და არა – ხვალ ან ზეგ. ამიტომ, გადაწყვეტილება დღეს უნდა იქნას მიღებული და ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა მეცოლამ.

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთი გამოდის.

ფერმერებმა, რომლებიც 11 დღეა, აქციებს მართავენ, დღეს ევროპარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.