რობერტა მეცოლა - შევხვდით პარტნიორებს ევროკავშირის გაფართოების იდეით, გვჭირდება რეფორმირება, რაც ახლა 27 წევრისთვის მუშაობს, არ იმუშავებს 2032 ან 2035 წლისთვის, სანდოები უნდა ვიყოთ
გვჭირდება რეფორმირება. ვფიქრობ, დროა დისკუსიისთვის, რისი გაკეთება გვჭირდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა 27 წევრისთვის რაც მუშაობს, არ იმუშავებს 2032 ან 2035 წლისთვის.
„გუშინ შევხვდით ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს ევროკავშირის გაღრმავებისა და გაფართოების იდეით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება რეფორმირება. ვფიქრობ, დროა დისკუსიისთვის, რისი გაკეთება გვჭირდება. მაგალითად, რაც ახლა 27 წევრისთვის მუშაობს, არ იმუშავებს 2032 ან 2035 წლისთვის. ჩვენ სანდოები უნდა ვიყოთ და გუშინდელმა დღემ მოგვცა კარგი დისკუსიის საშუალება ამ თემაზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ ანგარიშებს, რომელსაც ველით ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტს აქვს მკაფიო პოზიცია, როცა შესრულდება პირობები უნდა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური შეფასებების შემთხვევაში უნდა გვქონდეს მოლაპარაკებების გახსნის საშუალება. ჩვენ გვაინტერესებს უკრაინის და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის საკითხი. არ შეიძლება, უბრალოდ ჩამოვიდეთ, ველაპარაკოთ ჩვენს კოლეგებს და მერე უბრალოდ უკან დავბრუნდეთ. ეს არის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ვალდებულება. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ, როდესაც ეს პირობები და შემდეგი ნაბიჯები შესრულდება, არავინ არ უნდა დარჩეს პროცესს მიღმა“, – აღნიშნა მეცოლამ.