რობერტა მეცოლა - ჩვენ თუ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა ყველას განსაცდელში ვტოვებთ, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენ მიერ დატოვებულ ვაკუუმს სხვა შეავსებს
ბევრად მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და ადამიანური ღირებულებები უფრო კონკრეტულ სარგებლად გარდავქმნათ ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეცოლამ თქვა, რომ გეოპოლიტიკური ვითარება და მასში ევროკავშირის როლი კიდევ უფრო გართულებულია, ვიდრე ორი კვირის წინ იყო.
„მინდა, რომ ევროპას ჰქონდეს ის ინსტრუმენტები, რომლებიც გვჭირდება ამ როლისთვის. მე ვიცი, რომ ევროპა შეიძლება იყოს პასუხი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგარწმუნოთ უფრო ახალგაზრდა, უფრო სკეპტიკურად განწყობილი აუდიტორია ევროპის ნამდვილ ღირებულებაში, რათა ჩამოაყალიბოთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობების ცხოვრება“, – თქვა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზე. მისი თქმით, თუ ევროპას სურს გაფართოება, ამისთვის დებატების წარმართვის არ უნდა ეშინოდეს.
„მოვისმინე შეშფოთება გაფართოებასთან დაკავშირებით. ისინი ძალიან ჰგავს 2004 წლამდე გაჩენილ შეშფოთებას, თუმცა ისტორიამ გვიჩვენა, რომ გაფართოებული ევროკავშირი, რომელიც დაფუძნებულია მკაფიო მიზნებზე, კრიტერიუმებსა და დამსახურებაზე, განაგრძობს ინვესტიციას მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ევროპის კონტინენტზე. ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს შედეგი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს“, – თქვა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი პირველი ინსტიტუტი, რომელმაც მოუწოდა უკრაინასა და მოლდოვას, მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ამავდროულად, ვიდრე ისინი რეფორმებს ატარებენ და ემზადებიან, ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ იმავეს გასაკეთებლად. ის, რაც მუშაობს 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი კავშირისთვის, არ იმუშავებს 30, 33 ან 35-იანი კავშირისთვის. თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა ყველას განსაცდელში ვტოვებთ, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენ მიერ დატოვებულ ვაკუუმს სხვა შეავსებს“, – აცხადებს მეცოლა.