რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ იმედი აქვს, მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მიმდინარე წელს დაიწყებს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იმედოვნებს, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მიმდინარე წელს დაიწყებს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მეცოლამ კიშინიოვში, დიდი ევროპული შეკრების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ მზად ხართ, მოლდოვა მზად არის ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. მსოფლიო ხედავს თქვენს სიმამაცეს, ხედავს, რომ თქვენ აირჩიეთ დემოკრატია და თავისუფლება“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
რობერტა მეცოლას თქმით, მოლდოვის მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. „ევროპა არის მოლდოვა და მოლდოვა არის ევროპა“, – აღნიშნა მან.
„ევროპა თქვენი ოჯახია, თქვენ გაქვთ უფლება, აირჩიოთ თქვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ გვჯერა თანაბარი შესაძლებლობების, თავისუფლების და თანასწორობის. ჩვენ ერთ ღირებულებებს ვიზიარებთ. მოლდოვა მარტო არ არის“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოლდოვის დედაქალაქში ვიზიტისას.
კიშინიოვის ცენტრში დიდი ევროპული შეკრება პრეზიდენტ მაია სანდუს ინიციატივით იმართება. ღონისძიების მონაწილეები მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.