რობერტ მიულერი მზად არის, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დონალდ ტრამპისგან ჩვენებები წერილობით მიიღოს
რობერტ მიულერი მზად არის, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დონალდ ტრამპისგან ჩვენებები წერილობით მიიღოს

აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი მზად არის,  არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე აშშ-ის პრეზიდენტისგან დონალდ ტრამპისგან ჩვენებები წერილობითი ფორმით მიიღოს, – ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times ავრცელებს.

გაზეთი საკუთარ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისი წერილი რობერტ მიულერის ბიურომ დონალდ ტრამპის იურისტებს გაუგზავნა.

ამასთან, როგორც მედიასაშუალება იტყობინება, მიულერის გუნდი არ მოითხოვს პრეზიდენტისგან წერილობით პასუხებს მისი მხრიდან გამოძიებისთვის სავარაუდო ხელის შეშლის საკითხზე, ვინაიდან სპეციალური პროკურორის ოფისში აცნობიერებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს მიმოწერისა და საუბრების კონფიდენციალობა, რაც ამ თემაზე მისგან ინფორმაციის მიღებას ართულებს.

The New York Times აღნიშნავს, რომ შესაბამისი წერილი დონალდ ტრამპის იურისტებს 31 აგვისტოს გადაეგზავნა.

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ იურიდიულ საკითხებში თეთრი სახლის მთავარი კონსულტანტი დონ მაკგანი აქტიურად თანამშრომლობს რობერტ მიულერთან. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მაკგანი გამომძიებლებს სულ მცირე სამჯერ ესაუბრა. ამ საუბრების ხანგრძლივობა ჯამში 30 საათს აღემატებოდა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, იურიდიულ საკითხებში კონსულტანტმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს ჯეიმს კომის გათავისუფლებისას დონალდ ტრამპის ქმედებებსა და განცხადებებზე, ასევე პრეზიდენტის ინიციატივაზე, კომის ნაცვლად „ლოიალური ადამიანი“ დაენიშნა.