რობერტ კენედი - მოუთმენლად ველოდები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტში მუშაობის დაწყებას, რათა გავათავისუფლო სააგენტოები კორპორატიული გავლენისგან
რობერტ კენედი უმცროსმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარდგენისთვის.
კენედი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება მუშაობის დაწყებას, რათა „გაათავისუფლოს სააგენტოები კორპორატიული გავლენისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ თავიანთი მისია – კვლავ აქციონ ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერად“.
ამასთან, რობერტ კენედი უმცროსი საზოგადოებას გამჭვირვალობასა და „მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერებაზე“ ფოკუსირებას დაჰპირდა.
„ჩემი ვალდებულება ამერიკელი ხალხის წინაშე არის ვიყო პატიოსანი საჯარო მოხელე“, – წერს კენედი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა.
ცნობისთვის, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი საარჩევნო კამპანიის დროს თავის პროგრამას ძირითადად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურ შეხედულებებზე აფუძნებდა.