რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს - ვაპირებ, მართვის სადავეები ჩამოვართვა ორივე პარტიას და ამერიკელ ხალხს გადავცე
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი აშშ-ის 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლისას კენედიმ მომხრეებს მოუწოდა, უარყონ აშშ-ის ორი წამყვანი პარტია. კენედიმ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიას კორუმპირებულები უწოდა.
მისივე თქმით, ის იბრძოლებს იმ ადამიანების ხმებისთვის, ვინც დაღლილია ორ პარტიის ინტერესებით დაყოფილი ქვეყნით, რაც ხელს უშლის აშშ-ს განვითარებაში.
„ხალხი მაჩერებს ყველგან, აეროპორტებში და სასტუმროებში, ქუჩებში და ისინი მეუბნებიან მე, რომ ქვეყანა მზადაა ისტორიის დასაწერად. დღეს მე აქ ვარ, რათა გამოვაცხადო თავი დამოუკიდებელ კანდიდატად, დემოკრატებს ეშინიათ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მე გავუფუჭებ არჩევნების შედეგს ჯო ბაიდენს. რესპუბლიკელებს ეშინიათ, რომ დავაზარალებ ტრამპს. საქმე ისაა, რომ ორივე მართალია. მე ვაპირებ, მართვის სადავეები ჩამოვართვა ორივე პარტიას და ის ამერიკელ ხალხს გადავცე“, – განაცხადა კენედიმ.
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში მონაწილეობას გეგმავდა. მან დემოკრატიული პარტიიდან ნომინაციის მისაღებად კამპანია აპრილში დაიწყო.
ფილადელფიაში გამოსვლისას კენედიმ განაცხადა, რომ მისთვის დემოკრატიული პარტიის დატოვება მტკივნეული იყო, თუმცა, მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რადგანაც დემოკრატებმა გზას გადაუხვიეს.
„ამერიკელების სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ზედმეტად მოხუცია და ეფექტურად ვერ მართავს ქვეყანას. პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორივე მათგანის მოწონების რეიტინგი ნეგატიურია. სწორედ ეს მოგვიტანა ორპარტიულმა პოლიტიკამ“, – განაცხადა კენედიმ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.