რობერტ ფიცო - უკრაინას 1938 წლის მსგავსი „მიუნხენის შეთანხმება“ ელოდება, რომლის შედეგად ის დიდი სახელმწიფოების მსხვერპლი გახდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინას ელოდება „მეორე მიუნხენის შეთანხმება“ 1938 წლის მსგავსად, რის შედეგადაც ის დაკარგავს თავის ტერიტორიებს და დიდი სახელმწიფოების მსხვერპლი გახდება.
ამის შესახებ ფიცომ პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება ადგილობრივი მედია.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ფიცომ განაცხადა, რომ არ სჯერა გამოკითხვების და მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება.
„რუსეთთან მშვიდობას უკრაინა და შეერთებული შტატები გააფორმებენ. მეშინია, რომ უკრაინა მსხვერპლი გახდება, ისევე როგორც ჩვენ გავხდით მიუნხენის შეთანხმების მსხვერპლი“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
მიუნხენის შეთანხმება 1938 წელს ფრანგებმა დიდ ბრიტანეთთან, იტალიასა და გერმანიასთან გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ჩეხოსლოვაკიას, რომელიც მიუნხენის მოლაპარაკებების მიღმა დარჩა, ნაცისტური გერმანიისთვის უზარმაზარი ტერიტორიები უნდა დაეთმო.
ფიცოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებისთვის უნდა მოემზადოს.
„ეს ძალიან მტკივნეული იქნება და მაინტერესებს, რა აზრი ჰქონდა 100 ათასი ადამიანის სიკვდილის ორივე მხრიდან“, – თქვა მან.
ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმა.
„სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოების მსხვერპლი გახდება და ალბათ ასეც იქნება. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინას დასცინიან, ისინი კი იბრძვიან უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცამდე“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცოს თქმით, მისმა პარტიამ ბევრჯერ განაცხადა, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, მაგრამ „რეალობა რეალობაა“.
ფიცოს ასევე მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება.
მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სურს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა უკრაინაში მოსკოვის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ.