რობერტ ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო
ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში, იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.
რობერტ ფიცომ ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გახდეს ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის.
„თქვენ სუვერენული საგარეო პოლიტიკის მომხრე ხართ. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. თქვენ პრაგმატული ადამიანი ხართ და თქვენი საგარეო პოლიტიკა არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით. თქვენ შესანიშნავად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა. ამავე დროს, მე, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ევროკავშირს უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება. მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში. ბატონო პრეზიდენტო, მე იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო, რადგან მოსახლეობის რიცხოვნობით ჩვენც პატარა ქვეყანა ვართ. მე თქვენ ძალიან ყურადღებით გისმინეთ და ვუთხარი ამის შესახებ დელეგაციას, რომელიც აეროპორტში დამხვდა: ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ფიცომ, რომლის სიტყვით გამოსვლის თარგმანს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ბაქოში ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.