რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ წინააღმდეგობრივია და მისმა ერთ-ერთმა პუნქტმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ წინააღმდეგობრივია და არ მიაჩნია, რომ კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება კარგი იდეაა.
როგორც ფიცომ აღნიშნა, ევროკავშირის სამიტზე განიხილეს სამი მთავარი თემა: ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და მიგრაცია.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ, რაც ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტია, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მისივე თქმით, ეს წინააღმდეგობრივი გეგმაა, რომელიც ქვეყნებს ყოფს, სწორედ ამიტომ ევროპულმა საბჭომ მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა.
„ევროკავშირის ყველა ლიდერის წინაშე, პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით მე ვთქვი, რომ მთავრობის ფილოსოფია, რომელსაც ვიცნობ, ძალაში რჩება, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ უკრაინასთან შინაარსობრივ და რაციონალურ თანამშრომლობაზე, რომლის შედეგიც უნდა იყოს არა მკვლელობა, არამედ იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს სჭირდებათ“, – აღნიშნა ფიცომ.
ამასთან, ფიცომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.