რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს „ზუსტი ასლივით“ ჰგავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს „ზუსტი ასლივით“ ჰგავს.
„სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“, – წერს რობერტ ფიცო.
შეგახსენებთ, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკითხვაზე მან დაადასტურა, რომ ფიცოს თავს დაესხა და ამის მიზეზად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.
ამასთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.