ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი - მსოფლიო, შესაძლოა, იყო ზედმეტად ოპტიმისტური 2023 წელს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა და 2024 წელს არ უნდა ვიყოთ ზედმეტად პესიმისტები
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი უკრაინაში ჩავიდა. ალიანსის უმაღლესი სამხედრო ჩინოსანი კიევის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.
„ჩემი ვიზიტი, ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაცია, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ჩამოვიდა, არის იმის დასტური, რომ ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს“, -განაცხადა ბაუერმა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის ღრმა პატივისცემას გამოხატავს უკრაინელების სიმამაცისა და სიმტკიცის მიმართ, რომელიც მათ აჩვენეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„დღითი დღე ჩვენ უფრო ახლო, უფრო მეტად თავსებადი ვხდებით. ჩვენ ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინა გახდეს ჩვენი ალიანსის წევრი. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატო-ს შტაბბინაში“, – განაცხადა რობ ბაუერმა.
ამასთან, კიევის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსანი კიევის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. ბაუერის თქმით, პესიმისტები ომებში არ იმარჯვებენ.
„თუ მსოფლიო, შესაძლოა, იყო ზედმეტად ოპტიმისტური 2023 წელს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა და 2024 წელს არ უნდა ვიყოთ ზედმეტად პესიმისტები“, – აღნიშნა მან.
რობ ბაუერის განცხადებით, ფაქტების გათვალისწინებით, არსებობს ყველა საფუძველი, რომ იყო დარწმუნებული წარმატების მიღწევისთვის უკრაინის შესაძლებლობაში.
„ერთადერთი, რაც გჭირდებათ, ჩვენი დახმარებაა. ნატო-ს წევრი ქვენები და მსოფლიოს მრავალი სხვა სახელმწიფო უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ და ამან ნამდვილად შეცვალა სიტუაცია უკეთესობისკენ, თუმცა უკრაინას სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.