RMG – ვეხსნებით ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს
კომპანია RMG დმანისში 16 ჰექტარი მიწის ფართობის აუქციონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე არის მცდელობა, კომპანია ჩაითრიონ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც დამოუკიდებელი ბიზნესის ადგილი ნამდვილად არ არის.
„20 მარტის აუქციონთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია დაინტერესებული იყო აუქციონის წესით მხოლოდ გონივრულ ფასად მიეღო კონკრეტული 16 ჰა მიწის ნაკვეთი დმანისის რაიონში.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე არის მცდელობა, ჩაგვითრიონ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც დამოუკიდებელი ბიზნესის ადგილი ნამდვილად არ არის.
კომპანიაში ვიცოდით, რომ აუქციონის პროცესიც კონკრეტული ძალის მიერ დადგმული აბსურდული თამაშის ნაწილი გახდებოდა.
შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროცესში მიგვეღო მონაწილეობა იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგის ნამდვილი სახე გვეჩვენებინა. ახლა, როდესაც შედეგი სახეზეა და მათი რეალური ინტერესები გამოჩნდა, ვეხსნებით ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს.
მივმართავთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაცვა პოლიტიკური და მით უფრო მსგავსი დესტრუქციული ძალების ჩარევისგან სამართლებრივი ფორმით“, – ნათქვამია კომპანია RMG-ის განცხადებაში.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აუქციონი დასრულდა.
ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონზე გატანილი ლოტი, 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა. საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო.
აუქციონში მონაწილეთა შორის იყვნენ კომპანია RMG Gold-ი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დაარსებული „დმანისის გადარჩენის ფონდი“. სწორედ პარტიების მიერ დაფუძნებულმა ფონდმა გაიმარჯვა აუქციონში.