კომპანია „RMG-გოლდი“ არსებული საწარმოო მოედნის გაფართოებას ითხოვს, რათა თეთრი წყაროს ტერიტორიაზე ე.წ. ბნელი ხევიდან ამოღებული მადნის გადამუშავება უკვე არსებულ საწარმოო ზონაში მოახდინოს. ამას საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.
ისინი საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობენ. აღნიშნულ თემაზე დღეს დმანისში, საჯარო განხილვაზე მსჯელობა ხმაურის ფონზე წარიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც სამინისტრომ 2016 წელს აღმოაჩინა, მათ გონივრული დრო და კონკრეტული გეგმა აქვთ.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმოო დერეფნის გაფართოება დამატებით ადამიანებს დაასაქმებს და რეგიონს დამატებით შემოსავლებს მოუტანს.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, მათ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები აქვთ, რომლებიც კომპანიას გადაეგზავნება.