რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ამ ეტაპზე გაფიცვის თარიღს არ დაასახელებს და რკინიგზასთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ამ ეტაპზე გაფიცვის თარიღს არ დაასახელებს და რკინიგზასთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს და „საქართველოსთან რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში ჩაერთვება, – ამის შესახებ პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავიდან რკინიგზამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართვაზე და შესაბამისად, პროფკავშირი იძულებული გარდა, უფრო რადიკალური გზებისთვის მიემართა.

ამასთან, ვიტალი გიორგაძე პოზიტიურად აფასებს რკინიგზის განცხადებას, სადაც კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს პრობლემურ საკითხზე რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან მოლაპარაკებაზე.

„სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის სხდომა. ვიმსჯელეთ და დავადგინეთ, რომ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე არ დაასახელებს გაფიცვის კონკრეტულ თარიღს გამომდინარე იქედან, რომ გვსურს, მოლაპარაკებები წარიმართოს ზედმეტი სტრესისა და ულტიმატუმების გარეშე. ვიმედოვნებთ, თუ რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება კეთილგონივრული და წესიერი მოლაპარაკებები წარმართული, ამ შემთხვევაში, თავიდან ავიცილებთ გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გაფიცვა უკიდურესი გზაა, ადამიანებმა საკუთარი უფლებები დაიცვან და პროტესტი გამოხატონ.

„თუ მოლაპარაკებები დაიწყება უახლოეს პერიოდში და ამის გარანტია გვაქვს, ასევე იქნება კეთილსინდისიერი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც რკინიგზისა და რკინიგზელების ინტერესების თანხვედრაში იქნება და ავიცილებთ გაფიცვას“, – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ.

მისი ინფორმაციით, მედიატორის ჩართულობით, მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.

„იმედია, ყველა მხარე გააკეთებს ყველაფერს, რომ თავიდან ავიცილოთ პროტესტი. სრულ მზადყოფნაშია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, აწარმოოს საგაფიცვო პროცედურები იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს კეთილსინდისიერად, ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კონსენსუსისთვის. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაციას საგაფიცვო პროცედურების კონკრეტული გეგმა აქვს“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ.