თბილისში, რიყის პარკში ევროპის სპორტის კვირეული საზეიმოდ გაიხსნა. კვირეული საქართველოში წელს პირველად იმართება.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ეროვნული ფედერაცია – „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დაესწრნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი. ამასთან, 29 სექტემბერს დაგეგმილია ღამის სპორტული აქტივობები #BeActive At Night, ხოლო ღონისძიების ბოლო დღეს (30 სექტემბერი) დედაქალაქში გაიმართება დახურვის ცერემონია.
სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი.
2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას – ევროპის სპორტის კვირეულს პირველად შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive, 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 26 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც ცხრა მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.