რიყის პარკში ამერიკული სპორტისა და კულტურის ფესტივალი გაიმართა #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 247 წლის იუბილეს აღსანიშნავად რიყის პარკში გაიმართა ამერიკული სპორტისა და კულტურის ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ამერიკული კულტურის, სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი ყველა ინსტიტუციის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ფესტივალი მთავარი მისია არის საზოგადოებაში თავისუფლებისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობა. გაიმართა სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები, სადაც 20-მდე ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. გამოცდილმა სპორტსმენებმა და ინსტრუქტორებმა თავიანთ გამოცდილებას გაუზიარეს სტუმრებს.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო – მას-რესლინგი, კროსფიტი და მკლავჭიდი, სთრონგმენების შეჯიბრი სიმძიმის აწევაში, ბეისბოლის პავილიონი და ამერიკული ფეხბურთის კუთხე, ჩერლიდინგი და ჰიპჰოპი, ქუჩის კალათბურთი, დრამ-სქულის ბიგ-ბენდის პერფორმანსი, აირსოფტი, კომპანიების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ელექტრონული მუსიკის საღამო. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი იყო ამერიკის სპორტისა და კულტურის ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერი – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და თბილისის მერია.
ამერიკის სპორტისა და კულტურის ასოციაცია ერთი თვის წინ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნდა, მისი პრეზიდენტი კი გოგა დათუნაშვილია – საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაციის ხელმძღვანელი. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს დავით ფალავანდიშვილი (საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), ვალენტინა კუზმიდი (საქართველოს ჩერლიდინგის ფედერაციის პრეზიდენტი) და ლაშა ნარსია (საქართველოს აირსოფტის ასოციაციის პრეზიდენტი)
ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მან მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისათვის და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.