რიში სუნაკის აცხადებს, რომ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე დრონი ბრიტანულმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე დრონი ბრიტანულმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს.
„ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი ძალები გააგზავნეს იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არის მიმართული. მე შემიძლია, დავადასტურო, რომ ჩვენმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რამდენიმე ირანული დრონი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მან 12 აპრილს მოიწვია დიდი ბრიტანეთის კრიზისების მართვის კომიტეტი, სადაც ირანის სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა განიხილეს. სუნაკის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულმა ქმედებებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, იორდანია.
მისივე თქმით, ის ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვის საკითხებზე დღეს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრებს.